ნუთუ არასდროს გადაყლაპული სპილო ქუდში არ აგრევია

Monday, December 28, 2009

არ მიყვარს ეს უცნაური შგრძნება,
არც ცუდია,არც კარგი...
ჰოოოოდა ამიტომაც არ ვწყალობ ალბათ.
ემოციები მაშინაა მძაფრი,როცა წალეკვით გემუქრება,როცა არ გავხარ ნავს,რომელშიც არავინ ზის...
მიყვარს ჩემი ათ წუთიანი  მყარი  გადაწყვეტილებები,ამის გამო იშვიათად თუმც დროდადრო მაინც მკარგავენ.
მინდა მქონდეს ერთი შვილით მეტი დარდი...
და ვნანობ,რომ არ გიცნობდი აქობამდი.
გითხარი?რომ მიყვარს თოვლი,მაგრამ მხოლოდ ფანტელებად მიყვარს...
მიყვარს დილით თვალს რომ ვახელ და მეზობლის სახურავის პაწია კუთხე,ჩემი ფანჯრიდან რომ მოსჩანს,ჩვეული ფერის ნაცვლად თეთრი მხვდება...
აივანზე რომ გავდივარ,აი ის ღრმა ჩსუნთქვა მიყვარს,თოვლის ცივი გემო რომ აქვს ფილტვებამდე.
მიყვარს ახალ წელს ადამიანები ისე უბრალოდ,რომ გიღიმიან...
თბილი და შენგან საპასუხოს არმომლოდინე ღიმილი.
ხანდახან მეშინია,ისე გნატრობ...
მართლა რომ ამიხდეს და გაჩნდე ჩემთან?
შიშმა იმდენჯერ შემოიხედა ჩემს თბილ ოთახში და ნაცნობი უცნობივით გადასწვდა ჩემს ყველა მოგონებას,განფენილს ნივთებად...
ოდესმე გეტყვი,რომ იმ დღეს გული გაჩერდა წამით...
რომ მოვატყუე  საკუთარი თავი,სულ რაღაც მესამოცეჯერ...
ჯერ ისევ თბილი ყავით სავსე ჩემს  ჭიქაში ჩაღვენთილი სიცივე სულის,ჯერ ართქმული სინანულის ალბათ მაცნეა...
და ამ ზამთარში მომინდა,რომ ყვაოდეს ნუში...
პირველად გუშინ...

და მანამ,სანამ...

Saturday, October 3, 2009

და მანამ სანამ...
დალევდა ყავას,ოღონდ კაფეში
იცეკვებდა,თუნდაც მინდორში
დაიძინებდა მარჯვენა მხარეს,გულთან...
გაიღვიძებდა მანამდე უცნობ და შემდგომ უკვე ვერდავიწყებად განწირულ სახლში,ანდა სარკმელთან,
წაუკითხავდა და ფნალში არც ცრემლის შერცხვებოდა...
და მანამ, სანამ..
ივლიდა მარტო,
ივლიდა ხშირად,
და მანამ,სანამ
ყველა ადგილს შემოივლიდა,
სადაც კარგავდა და იძენდა,
სადაც სტკიოდა,
ეშინოდა..
და მანამ,სანამ...
ჯერ ისევ თბილი იყო ხელი და მზერა ისევ თაფლისფერი,
ოღონდ ისეთი თაფლისფერი,ბუნებაში რომ არ არსებობს.
ყველა შეხებას იტოვებდა გასახსენებლად.
და მანამ,სანამ...
"ერთად იყვნენ"-არ ერქვა ამას,
არც მოკვდებოდნენ უერთმანეთოდ
მხოლოდ დროდადრო ცა იყო მძიმე და მიწა იყო ფეხქვეშ რბილი,ისეთი რბილი,მყარად ფეხს რომ ვერ დაადგამ ვერასდიდებით.
და მაანამ,სანამ...
ყველგან ეძებდა
იქც კი,სადაც არ შეიძლება ყოფილიყო,
მაგრამ"ვაი თუ"
მაგრამ "რა იცი?"
მაგრამ"იქნებ"
არ ელეოდა...
ვერ ელეოდა...
არ ილეოდა...
და მანამ,სანამ...
ბინა გადაძვრა ფანჯრებიდან და გაიპარა.
და მანამ,სანამ...
და მანამ სანამ...
დავიტირებ იმ ყველაფერს,რასაც"ჩვენი"არ ერქვა ჩემო.ცოტათი ჩემო,
და მანამ,სანამ...
მომინდება შენ გამაღვიძო,
მანამდე წავალ...
ჩვენს თამაშებს ჭრელ ყუთში ჩავყრი და შევინახავ.
მანამ,სანამ...
ჩამოვარდნილი სიჩუმე შექმნის სიმყუდროვეს,ვინანებ სიტყვებს,რომ არ მითქვამს,
მიზანში სროლა ათიანში გარტყმას არ ნიშნავს.
და მანამ,სანამ...
ვაითუ...
იქნებ...
მე მანამ წავალ...

რაც ვახშმად გვქონდა, საუზმედაც ის გვაქვს

Saturday, September 12, 2009

ყოვლად ძვირფასი ჭაბუსის მიერ ანაზდად და მეყსეულად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად (ასევე, ორმაგი ამბორის საფასურად) მიმატოვა ძვირფასმა და სულზედ უტკბესმა მეუღლემ მეგობართან, რომელიც ჯერ ისევ მხოლოდ თავისი ჰგონია.
დავიწყე ჩემთვის ჩვეული ზომის და სხვისთვის თვალების გაფართოების მიზეზად ქცეულიპატარაზურგჩანთის ამოლაგება. ერთი ღამით ვრჩებოდი და, შესაბამისად, დამჭირდებოდა ისეთი ნივთები, როგორებიცაა:
პანდორას ჩანთა
1. თეთრეული, რომელიც, რა თქმა უნდა, არ დამჭირვებია და რომც დამჭირვებოდა, კარადის თაროზე მწყობრად და თანმიმდევრულად დალაგებული თეთრეულის უზარმაზარი სვეტებიდან ჩემთვისაც გამოინახებოდა რამე;
2. ჩუსტები (მერე რა, რომ მეცვა ფეხსაცმელი, რომელიც ჩუსტზე კომფორტულია და წავიღე ჩუსტი, რომელიც ფეხსაცმელს ჰგავს);
3. ღამით ჩასაცმელი მაისური, რომელიც ასევე არ დამჭირვებია. Initial Plan-ის თანახმად, დაძინებას ვინ აპირებდა, რო? (ბოლო სიტყვის მართლწერასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მიიღება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართულს გამიკრიტიკებდი, ლიკა);
4. მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე, რომელიც შავი წერტილების წარმოქმნას უშლის ხელს (არასოდეს იცი, ამ საზიზღარ წერტილებს როდის მოეპრიანებათ გამოჩენა);
5. პაწაწინა ჩანთა, სადაც პარფიუმერიის რამდენიმე ნაწარმი იყო;
6. ბამბა, რომლის გამოც სულ ტყუილად გავხდი დაცინვის ობიექტი, რამეთუ აღმოჩნდა, რომ ლაქის მოცილება ბამბის გარეშე არც სხვას შეეძლო!
7. ასევე ფრიად საჭირო, მაგრამ აქ-უხერხული-მათი-ჩამონათვალის-გაკეთება ნივთები.
რატომ ქანაობს სავარძელი... (რიტორიკული მრავალწერტილი)
არააა...
რაც იფიქრეთ, ეგ არაა...
ტუქსი თქვენ!
პირველი ბიძგი ლიკას ჩემი ფეხის გაშლა ეგონა (სად მაქვს მაგსიგრძე ფეხები?). მეორე ბიძგი ბიძგი სულაც არ იყო. ეს უფრო საქანელას ჰგავდა, ოღონდ როდესაც მიწა მოძრაობს შენს პარალელურად და არა პირიქით (არადა, წვეთი არ დაგვილევია). არ მახსოვს,  როგორ აღმოვჩნდი უჭოკოდ და საღი კოჭებით რკინის კართან, თუმცა დაბეჯითებით შემიძლია, ვთქვა, რომ იმ წუთას ჩემი ბუბკასაც შეშურდებოდა (იხ. google) .  
ყველაზე მეტად ლიკას მშვიდმა მზერამ გამაოგნა, თუმცა ამ სიმშვიდემ დიდხანს არ გასტანა. არც ის მახსოვს, როგორ გავცვალეთ მე და ლიკამ ადგილები, როგორ აღმოჩნდა ის გვერდით ჩიხში ბებიის სახლის მოსანახულებლად და მე - კომპიუტერის მიკროფონთან კივილით: სოსოოოო, გადი სახლიდან, სოსოოოო, აქ მიწისძვრააააა. განმარტებისთვის, მიკროფონის მეორე მხარეს მწყაზრად მჯდარი ბატონი ჯოზეფი განსაცდელში მეგულებოდა. მართალია, ინტერნეტი დიდ ხნის გათიშული ყოფილა, მაგრამ მე და ჩემი სინდისი შვებით დავედევნეთ ლიკას. ჩემი მეგობრის უემოციო ფონმა კივილ-წივილის და სახლის ფანჯრებიდან გისოსების მსხვრების (კრიტიკულ მომენტებში მჩვევია ხოლმე) მორალური უფლება არ მომცა და ისეთი ატუზული გავყევი უკან ლიკას, ცირას ნოდარას არ დასიზმრებია (თუ ეს ნაწილი ვერ გაიგეთ, Fuck google, ask Lika).
სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა სკვერში უცაბედად, დასათვლელად თავშეყრილი ბოხჩა-ხალათ-ქვედასაცვლიანი მეზობლების ვიშვიშის სმენა და ჩოჩქოლის ყურება. ამ სანახაობით ტკბობის შემდეგ მე და ლიკა დავუბრუნდით დისლოკაციის ადგილს (რუსის ჯარს არ გასჭირვებია ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ გორის მიმდებარე ტერიტორიიდან უკანდახევა ისე, როგორც მე იმ სარდაფში ჩასვლა გამიჭირდა). კომპიუტერის ეკრანზე ჩემი მეუღლის მიერ მოწერილი ფრაზა დაგვხვდა, რას ჭორაობთ ამისთანას, მიწა რომ იძვრაო.
სოსოს არაამქვეყნიურობაში (აბა, ყველა დედამიწელს აღელვებს მიწისძვრა, სავარაუდოდ, მიკროორგანიზმების ჩათვლით) კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ეკრანზე მის მიერ გამოგზავნილი არაერთი ანეკდოტი დაგვხვდა.
სენსორული იზოლაცია
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელი ღამის განმავლობაში ბატონი ჯოზეფი თავისი ხავერდოვანი ხმით ერთსა და იმავე სიტყვას ღიღინებდა: “Joyful, Joyful”. დილით ტერორისტული აქტის მოწყობაც კი სცადა და ღამენათევებს უდარდელი ტალღებიდან იავნანას გვასმენინა. მაგრამ ჩვენი ჩაძინება მას ხელთ არ ეწიფებოდა. ვინმეს გინახავთ შალახოს ცეკვა იავნანაზე? ლიკამ ნახა!
თვალები ბრმაა, გულით უნდა ხედავდე
იმ ღამეს ყველა ვარსკვლავი იცინოდა...

არადა, ხორცი უნდა ეყიდათ...

ჰოოოდა, მანქანა შემოეყიდათ...

სწორედ ამიტომ, არცთუ ისე ადრიანად გავაღწიეთ თბილისიდან. გზაში ანდრეას საყვარელ სიმღერას მოვუსმინეთ, სულ რაღაც 47-ჯერ და ქე ჩავედით ანანურში.
გელას “მგელმა” შეუძლებელი შეძლო - ჯერ რომ ასფალტი არ ღირსებია და ბუნებრიობით მოკირწყლული გარეგნობით ამაყობს, აი, ეგეთ გზებზე გადაიარა. ღრმად ჩავისუნთქეთ და... ჩავისუნთქეთ. შემშურდა იმ მახინჯი ორკუზიანის, მარაგს რომ იგროვებს, რადგან თბილისამდე ვერას დიდებით ვერ ჩამოვიტანდი იმ მსუყე ჰაერს. ჰოდა, რაღას ვიზამდი, ამოვისუნთქე.

წინა დღით ჩანთებს რომ ვალაგებდი, ვცდილობდი, ისეთი არაფერი ჩამედო, კიდევ ერთხელ რომ არ მოვხვედრილიყავი იმ სასაცილო შოუში, რომელშიც რატომღაც სულ მე მიწვევენ, მაგრამ ამაოდ...

არა, ვერ გავიგე, ცხიმიანი ხელი როგორ უნდა დაიბანო წყაროს ცივი წყლით უსაპნოდ? თანაც ამ საპნის სიგრძე სამ სანტიმეტრს არ აღემატებოდა. ან მერე რაზე უნდა შეიმშრალო? საკუთარ, უკვე შებოლილ ტანისამოსზე თუ ანაზდად ზურგით მიბრუნებული მეგობრის მხარზე ძმობის ნიშნად ატეხილი ტყაპუნით? ან წვენისთვის საწრუპი (თუ რა ჰქვია) რა ადგილს იკავებს? სამაგიეროდ, ანდრეა გაერთო...

დათომ და დათომ წელს ზემოთ გაიხადეს (მოგეხსენებათ, როგორი ესთეტიური სანახავია ორივე! კუნთი ცარიელი) და მწვადის შეწვას შეუდგნენ. ლიკა კოცონისთვის (ფიჩხი როგორ ვუწოდო იმ მორებს, არ ვიცი) შეშას აგროვებდა. მე სალათს ვამზადებდი. ყველა ფუსფუსებდა. თუ კიტრის ჭამას ფუსფუსად ჩავთვლით, გრიგოლიც. თუმც, მისმა ამ ნეტარებამ დიდხანს არ გასტანა და აიძულეს, მდინარიდან ჩემსიმძიმე (!) ლოდების ამოტანა დაეწყო.

სანამ ჩვენს სანოვაგეს უთვალავი ჭია-ღუა საზამთრო მარაგად წააცუნცულებდა სახლში, მივუსხედით (უფრო წამოვუგორდით) სუფრას. მწვადი იყო ისეთი, ჩაყლაპვა დაგენანებოდა და რაც შეიძლება, დიდხანს ვღეჭავდით.

სოსომ და ლიკამ ფოტოზე რომ ნახე და რომ დაგპირდით, აი, ის ხე უნდა განახოთო და ავუყევით ფერდობს. მეორე და გაცილებით მარტივი გზის არსებობა მოგვიანებით გავიგე. ასე რომ, ძლივს მივფორთხავდი, მაგრამ უკან გრიგოლი ხელჯოხით და ორი წლის ანდრეა მომყვებოდნენ. სინდისმა წუწუნის ნება არ მომცა და, როგორც იქნა, ავაღწიე იმ ხემდე. აყვავებულ ტყემლის ხეს ველოდი (იხ. ლიკას ლეპტოპი) და ჩვეულებრივი, გამწვანებული ხე დამხვდა. სამაგიეროდ, ხედი იყო აააარაჩვეულებრივი. ისეთი, თბილისში 16 სართულიანი კორპუსის წინ გაჩერებაზე რომ დგახარ და ნატრობ.

დიდი კოცონი ავანთეთ და სანამ არ მიინავლა, არ გაგვხსენებია, რომ იქ დარჩენას არც ერთი არ ვაპირებდით. როგორღაც ჩავბარგდით და წამოვედით.

უკვე მენატრება ბაიები.

ბავშვობაში მეგონა,რომ...

Sunday, August 30, 2009

სიბერე იწყება იქ და მაშინ,ბვშვობაში შემოთავაზებულ და არშეჭმულ სუპებზე გული რომ გწყდება:)
სუპები ჯერაც არ მიყვარს...
მაგრამ.მაინც,ბავშვობაში მეგონა,რომ...
წიგნები,რომელთაც ზოგადად "ჯერ შენ ვერ გაიგებ"-ერქვა,ყველაზე საინტერესო იყო და აივნიდან შემოსული სინათლის შუქზე წავიკითხე"დეკამერონი"
ბავშვობაში ,როდესაც ოთახში მარტო ვიყავი,არ მშორდებოდა განცდა,რომ იქ კიდევ ვიგაც იყო,მეგონა რომ თუ უკან მივიხედავდი დავინახავდი და შიშით კისერი მეწვოდა.
ბავშვობაში მეგონა რომ,სადღაც მართლა არსებობდა ასტეროიდი-b612,დღეს დარწმუნებული ვარ,რომ არსებობს:)
ბავშვობაში მეგონა,როცა გავიზრდებოდი გაცილებით ჭკვიანი და კარგი გოგო ვიქნებოდი,ვიდრე ვარ:)

ასკლიპიოდოტასავით ჩამაყოლებენ ვინმე ხეზე ჩამოკიდებულს

Saturday, August 22, 2009

სტეფანწმინდა-ო,ბავშვობაში კი ყაზბეგი იყო,
გადაჩვევა ჭირს...
ჩემი ცხოვრების 28 წელი და ერთადერთი ზაფხული მის გარეშე,
ოცნება იმ ამოსუნთქვაზე,ასე რომ მიყვარს,
ყველა ნერვით ვგრძნობ ჰაერს,
სიმსუბუქისგან ტირილი მინდა,
ან სიმცირისგან,
რადგან ყველაზე უკეთ სწორედ აქ ვხვდები რა პატარა ვარ.
არააა,ვერ მაშინებენ ბუმბერაზები,რადგან იციან,
მიყვარს უზომოდ თითქმის ყველა,გამორჩეულად ერთი-ორი...
სუნი,რომელსაც თბილისშიც ვგრძნობ ასე მკვეთრად,
ჩამომაქვს ჩემთვის,
ვიზოგავ მერე მთელი წელი,
თუ ვინმეს უჭირს მასაც ვაძლევ,
ხშირ შემთხვევაში არც კი იციან ასე უცებ რამ გაახარა...
ვიცი...
დედამიწაზე ერთადერთი ადგილია,სადაც საკუთარ თავს ვეკუთვნი.
შიშით
ყოველ ჩასვლაზე შიშით ვათვალიერებ ქვებს,რომლებიც წლებია უკვე ერთი და იმავე ადგილას დევს კი არადა დგას,რადგან შემიძლია დავიფიცო,რომ ეს ქვები გრძნობენ ჩემს მოფერებას...
ვიცლები დარდისგან
ტკივილისგან
ზოგჯერ ცრემლისგან,
ვივსები ახლით,
ზოგჯერ ტკივილით.
აბა იმათ იციან ტკენა თუ იციან.
სინდისი ჩემი,რომლის ხმა ისე მკაფიოდ ისმის,ბანს აძლევენ ერთმანეთს მთები.
მათში ვსახლდები პერიოდულად კი არადა,სანამ ვჭირდები და ყოველ ჯერზე,მაშინაც კი როცა ვიცი რომ მეტკინება,ვაღებ ახალ კარს

არც კი ვიცოდი:ჭიანჭველები თურმე მართლა ყველაფერს ჭამენ:)

Thursday, June 11, 2009

ალბათ პირველად,ან მეორედ მომინდა წერა,მაშინ როცა კარგად ვარ...
ისე კარგად არ,რომ ვიყვირო და ცა გავხიო:)
ჩუმად კარგად ვარ,
გულში კარგად...
უცაბედი,უმიზეზო ღიმილის მსგავსი კარგად ყოფნაა,თუ დაგიჭირეს სუროს ხასხასა მწვანე ფოთოლს რომ დააბრალებ,ან აივანზე დღეს პირველად შემჩნეულ ბუდეს...
ბაგემდე თვალის ჭრილი რომ გყიდის და კიტხვებს აჩენს,
შენ ამ კითხვებზე პასუხობ,რომ გიყვარს ბუნება:)
გაუცინარ დღეს გეცინება,
უამინდობის ამინდს ქმნი თავად,
გეამაყება დღეს წვეთებიც რომ გიყვარს წვიმის,
ფოთლებიც ქარის შერხეული
(განურჩევლად ყველა ფოთოლი)
ეს სიყვარული დღეს ჰაერს ჰგავს,მთლიანად გავსებს,
გავსებს კი არა,გადმოდის შენი ბაგეებიდან,უპეებიდან და ისეთი გულწრფელია ცოტა გაშინებს...
დღეს არ ხარ ერთი იმათგანი ან ამათგანი,
დღეს ბუნება ხარ,
ყველა ხეში ხარ,ყველა კენჭში
და გიხარიაააააააა
(ეხლა წახვალ და სარეცხს გარეცხავ გახარებული:):))

ჩემეული"ქვიშის ფილოსოფია"

Thursday, June 4, 2009

კითხულობ უსასრულოდ და არ გინდა მალე დამთავრდეს,არადა წყურვილი გკლავს,თითქოს შენც ქვიშით გქონდეს პირი სავსე და გატყაპნილი ნერწყვი ყელში გქონდეს გაჩხერილი.ქვიშა-ცხოვრება ყველაფერ ადამიანურს სპობს,მაგრამ არსებობისთვის აუცილებელია სიმყარე?ალბათ...ცხადად გრძნობ,რომ ნიკ ძიუმპესავით შენც ქვიშის ორმოში ხარ,იქნებ უფრო ცუდ დღეშიც იყო,რადგან აქ დაღუპვის,გადაგვარების ალბათობა გა
ცილებით დიდია.გული გერევა ამ ყველაფერზე.შიშით თვალს ვერ ხუჭავ და მიწაზე რაც შეიძლება მყარად ადგამ ფეხს,შეიძლება ეს მყარი მიწა უცებ ჩაიქცეს და თან ჩაგიყოლოს.ადამიანი ყველაფერს ეგუება,მას თავისი დამპალი კბილების სუნიც კი სიამოვნებს,თუმც ამას არავინ აღიარებს.ცხოვრობს შურის სოკოთი ავად და ვერც ამჩნევს როგორ იხრჩობა თავის ნარწყევში.ცხოველური ინსტიქტები ერთადერთია რაც არასოდეს ავიწყდება,ყოველ დღე შლის კალენდარში განვლილ დღეს.როგორ უნდა მიახრჩოს ეს საშინელი ზიზღი და ბოროტება,ცოფმორეული ღრიალებს და ტავი ეცოდება სხვისი კი არადა საკუთარი.რცხვენია სიშიშვლის და სხვას კიცხავს ამის გამო..უნდა ყველა ძარღვი ამოიღოს და პაწია ნაკუწებად დაგლიჯოს ეს დამპალი სხეული..
ეს რა არის?რა არის?როგორ ყვარებია სიცოცხლე ხედავ?მილიონი საცეცით ებღაუჭება ქვიშის პაწია მარცვლებს,რათა შიგ სამუდამოდ ჩაიმარხოს თავი...

ფეხშიშველამ გავიარე კალიების მდელო

Saturday, May 23, 2009

მადლობ იმისთვის,რომ არსებობ ცოტათი ჩემთვის...
იმისთვისაც,რომ მაპოვნინე უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩემივე თავი
კარგი ადამიანი ვყოფილვარ თურმე(ან არც ისე ცუდი,როგორც მეგონა)
მადლობა შენ ჩემიანო,
ბევრი დარდისთვის,სიხარულისთვის,
ემოციისთვის,ცამდე გრძნობისთვის
და დევის ხელა მონატრებისთვის.
მადლობა ჩემო მეგობარო,ცოტათი მეტო...
რადგან...მეგობრები არ დაყავთ ასე მთელი დღე ყველგან ,სადაც წავლენ...
მაპატიე,რომ დაუკითხავად მოვედი შენთან და დავრჩი ისე,არც კი ვიფიქრე იქნებ ზედმეტი ვიყავი შენთვის,
როგორც აპრილში მოსული თოვლი.
მაპატიე,რომ ვიცხოვრე შენი საათებით,დღეებით,წლებით
მაპატიე,რომ შენი ტკივილი მტკივა და მენანები ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის...
მაპატიე,რომ მოვედი გვიან,
რომ ნებისყოფა მხოლოდ იმისთვისღა მყოფნის საკუთარ თავს რომ არ ვუღალატო,
მეგობრებისთვის არასოდეს მიღალატია.
მაპატიე,რომ დღემდე შენთვის საიდუმლოება ვარ.
მაპატიე რწმენა,რომელიც ჩემამდე გქონდა...
ჩემს მერეც მოვა...
მაპატიე,რომ ოცნებებით არ დავიღალე,
რომ შეცდომებზე ვერასდროს ვსწავლობ.
მაპატიე,რომ მახსოვს შენი დაბადების დღე.
მინდა იისფერ ნაკვალევს ვტოვებდე ასეთ ნაცრისფერ სამყაროში,
ნეტავ ამისთვის თუ უნდა გთხოვო პატიება?
მაპატიე,რომ ხსოვნა უძირო ჭასავითაა,
ის ვარსკვლავები მაპატიე,გორგოლაჭებს რომ აღარ გვანან.
მაპატიე,რომ სრულ სიმშვიდემდე რაღაც რჩება,ეს რაღაც მიზიდავს უჩვეულო ძალით...
მაპატიე,რომ ოდესმე-ს ვამბობ ყველაძე ხშირად,
მაპატიე,რომ ბედნიერება დაშრეტილი ენერგიის აბივითაა.
მაპატიე,რომ მეშინია შენი დაკარგვის...
მიყვარხარ თბილო და ამის გამო არასოდეს გთხოვ პატიებას.

ტ-ს შემდეგ

Tuesday, April 14, 2009

ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ, ამ ეპოქაში არ უნდა გავჩენილიყავიო, უთქვამს მავანს, მაგრამ ჩემი შემთხვევა გაცილებით სავალალოა და დროდადრო გულისამაჩუყებლურ ღიმს იწვევს... იმ დასკვნამდე მივედი, რომ არათუ კომპიუტერულ ეპოქაში, მგონი, ბურთულიანი ავტოკალმების ეპოქაც ადრე იყო ჩემთვის. ბატის ფრთას უნდა დავჯერდე.. ამაში არავის დარწმუნება არ გამიჭირდება, თუ რამოდენიმე ჩემს მიერ აბსოლუტურად სერიოზულად დასმულ კითხვას ან არანაკლებ სერიოზული სახით ნათქვამ ფრაზას გავიხსენებ.

ძნელია ჩემი პროგრამისტი მეუღლის სახის დავიწყება, როცა მისთვის სისტემურ ბლოკზე და ჩემთვის მონიტორის გვერდით მდგარ შავ ყუთზე, შანდლები რატომ ახატია-თქო ვკითხე. ჯერ ძებნა დაიწყო ცოტა არ იყოს და, გაოცებული სახით, მერე რომ ვერ იპოვა, თითიც მოვიშველიე და... არადა, ეს usb პორტი მართლა გავს შანდალს.

ჩემი და კომპიუტერის ურთიერთობა ასე მარტივად არ დაწყებულა. თავიდან მისი დანახვა არ მინდოდა და მხოლოდ მაშინ ვეხებოდი, როცა მტვერი იყო გადასაწმენდი. გადიოდა წლები, მისი არსებობა უფრო და უფრო მიშლიდა ნერვებს, დროდადრო სკანდალების მიზეზიც ხდებოდა (მაშინ, როცა სხვა მიზეზს ვერ ვპოულობდი).

ოთხი წელი, ოთხი წელი ის ჩემთვის ისეთივე ნივთი იყო, როგორიც სკამი ან კარადა, თუმც ამ უკანასკნელთ გაცილებით მეტი დანიშნულება გააჩნდათ ჩემთვის. წელს კი რატომღაც გადავწყვიტე, მასთან ურთიერთობა თავიდან ამეწყო, წარსული უთანხმოებები დავივიწყე და გაღიმებული ვეახლე. მართალია, თავიდან საშინლად მექცეოდა, ყველა უხეში მოპყრობა გამიხსენა, როდესაც ჩემს დიდი ძალისხმევის შედეგად გახსენებულ პაროლს ვკრეფდი, მეუბნებოდა, დარწმუნებული არ ვარ კლავიატურასთან ადამიანი რომ ზისო, მაუსიც აიყოლია და თავის ჭკუაზე დაყავდა, ხან კი რაღაც ფანჯრებს მიხსნიდა - ჩემს ჯინაზე, ინგლისურენოვანს, მშვენივრად იცოდა ეგ ენა რომ არ ვიცი. ურთიერთობა ისე დაიძაბა, ერთხანს იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ დავუსვა წერტილი ამ ყველაფერს-თქო, მაგრამ კლავიატურაზე წერტილის უშედეგო ძებნის მერე ეს აზრი ვერ განვახორციელე. თან ჩემმა შელახულმა თავმოყვარეობამაც არ მომცა მაგის ნება და აგერ უკვე მეასედ ახალი შემართებით ვცადე გავრკვეულიყავი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპში.

ბეჭდვაში ივარჯიშებ, სკაიპი შექმენიო მირჩიეს. არავის უთქვამს, ეკა, მაკა, თიკა ან თუნდაც, საკუთარი სახელი გერქვასო, ჰოდა, მეც გრანდისმოჰალე დავირქვი და ერთი კვირა ამაოდ ველოდი ვინმეს გამოხმაურებას. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემდა საამაყოდ ჩემი მოქიშპის ეგ მხარე ისე ავითვისე თვით დავრჩი გაოცებული, მაგრამ რის ფასად? უამრავი ინტელექტს მოკლებული ადამიანის, რომელთაგან ზოგს კილიმანჯარო მცენარე ეგონა, გრანდისმოჰალე კი დინოზავრთა ერთ-ერთი სახეობა (აბსოლიტურმა უმრავლესობამ კი დინოზავრთა გადაშენების შესახებ ჩემგან შეიტყო).

მაინც არ მეხსნება ბილომდე და დროდადრო არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებით მანებივრებს, სწორედ ასეთი დროდადრო დღე იყო რამოდენიმე ხნის წინ, მეგობარს ვესაუბრებოდი, მან კეთილი ზრახვის ნიღაბს ამოფარებულმა ვერაგულად შემიტყუა რაღაც კომფერენციაში, სანამ გაოგნებული ვაცეცებდი მაუსს აქეთ-იქით, ჩემს კომპიუტერში არსებული ყველა მრგვალი ყვითელი ბურთი დაუნდობლად მოჰყვა ხარხარს, ვიხვეწებოდი აქ არ დამტოვოთ-თქო, მაგრამ ვინ გაიგო?რაც ბურთებმა დამაკლეს, ჩემმა მეგობრებმა დამიმატეს და მე ავტირდი ისე, ლირს შეშურდებოდა... ეს პოსტი კი იმის დასტურია, რომ მე და ჩემი კომპიუტერი ვცდილობთ, ერთმანეთს გავუგოთ. აღარც მე ვურტყამ თითებში, როცა მაბრაზებს და თვითონაც მოთმინებით იტანს საკუთარ ფიზიონომიაზე არეკლილ ჩემს მუდმივად გაოგნებულ სახეს.

Monday, March 30, 2009

ჩემი ცხოვრების გასაყართან შემომღამდა...ყველაფერს საკინძეზე შემხმარი ასაქერცლი სისხლის სუნი უდის,არ მიმატოვო მარტო...მოწყენა მოსდევს ამნაირ ავდარს,მინდა თითის წვერებზე აწევისას ცას მივწვდე ხელით.ტირილი ცალი თვალით არ გავს ტირილს ორივე თვალით,ცალი ტირის,მეორე ცდილობს,მაგრამ ამაოდ...ჩემი შენთვის ნაჩუქარი თვალი დამეშრიტა.ოთხი კიდურის და უამრავი საცეცის მქონე ჭიმატყმელა ხარ,ტუჩის კიდურებში ბლანტად დაგროვილი სითხით.სიმარტოვე სასიამოვნოდ მწარე ნისლია.ნაბიჯები არსაით დაიკიდე ცალ ფეხზე,ორი ზედმეტიც კია.საერთო ნერწყვი ტრადიკომედიის დასაწყისია,მტკივა სიმუნჯე,უსაშველო დაღლას ვგრძნობ..დამრჩება სევდა,უთქმელი დარდი,ვპატარავდები,და მოვა წვიმა,არა,თოვლი.შენ არ გესმის ჩემი ტკივილი,ამას არც ველი,უბრალოდ მინდა ჩემი ცხოვრება.ჩემი კეთების სურვილი მიხშობს გამოუთქმელ სიკეთეს შენსას და ხშირად ვხვდები,თქმას და ართქმას ერთი ფასი აქვს...რა დევს წყენაში როცა ამას მაინც ვერ იმჩნევ.ჩემი ურჩობა უნდა გაგეგო რომ არ იყო განურჩევლობა.

Sunday, March 29, 2009

აზრი ბადებს სურვილებს,სურვილი გრძნობებს.გრძნობა-არაფრისმაქნისობის ყრუ შეგრძნება.იმედი,გაქცევა მოსაწყენი რეალობიდან.ოცნება-უტოპია,აბსურდი....არარსებულის არსებულად დაჯერების თავისთავად შექმნილი ილუზია.ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივაა მთლიანობაში ერთ დიდ ბუშტს წააგავს,ან გაფრინდები ან წკაპ და.....ადამიანი,რომელიც აგიხსნის სიყვარული რა ფერია არ არსებობს.განსჯი სხვას და თავი გეზიზღება.ოდნავ ხმამაღლა ქუსლი და ჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება,დადებითი აურა და ყველას უყვარხარ განურჩევლად ასაკისა, არა, სქესისა.სქესი-თავისუფლების შეგრძნება და გადარევა,აღგმაფრენის დაღმართობა...უცნობი განცდა ყველაფრის მიმართ,სურვილი ინდივიდუალობისა ახშობს პატიების შესაძლებლობას.მკვეთრი მოსახვევების ტკივილნარევი მონატრება...სენსორული იზოლაცია-ოჯახი.ბავშვობიდან გამოყოლილი აუხდენელი ოცნებები დილის 7-დან 9-მდე,ამ ოცნებებს მისი ხელების თბილი სუნი აქვს.ყველაფერი ვერშესაერთებელ ნაწილებად იშლება,ყურით მოყვანილი სევდა წვიმის წვეთებად იღვენთება და დამუნჯებას ნატრობ.იმისთვის კიდევ ერთხელ რომ არ მოგიხდეს დაკარგვა.ეს შეგრძნება კანის ქვეშ იბადება და ყრუდ იწყება,მერე მძაფრდება და უსაშველო მონატრებად გადაიქცევა ხოლმე,შენამდე და შენს მერე არ არსებობს,ვერც გარბიხარ,რადგან იქ ხარ სადაც აქამდე გარბოდი,უკან არ დაგრჩა საცალფეხო ბილიკიც კი,მომენატრე და ისე გინატრე შემეშინდა არ გავმქრალიყავი...და ვგრძნობ ვთავდები,ისევ ვიწყები,და ყველა ასეთ წამოწყებაზე მაკლდება ჩემი გრძნობები...შეჩვევა არ ღირს,მაჩვენეთ გზა ,რომლითაც უნდა ვიარო ხვალ,რომლითაც გუშინ უნდა მევლო.

როცა ონკანში ჭის წყალი მოდის

Friday, March 27, 2009

დაწყება ჭირს. დაწყება ჭიირს. ჭირს წაუღია ეს დაწყება. ასე დაიწყო სიტყვების წყება... ტკივილი გულში? ხან კუმშვის, ხანაც უჩვეულო რიტმის სახით ვლინდება და შენც დაწყება გინდება. ეს ყველაზე უვნებელი გინდებაა იმ მრავალ გინდებათა შორის, რაც დროდადრო შენს არცთუ ისე მძიმეწონიან სხეულში ვლინდება. ხოოდა, მომინდა უსაშველოდ დაწყება წერის, რადგან მხოლოდ ეს დაწყებაა უმტკივნეულო ყველა სხვა დაწყებასთან შედარებით, გამოდარება მინდა, მინდა, არადანი ვიყო, არჩევანის გაკეთება სხვას მივანდო და საკუთარი დაწყებაც ვანდო... 

ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა ონკანში ჭის წყალი მოდის. ერთი ასოც რომ შეგეშალოს, სხვა რამე გამოვა, ის წყალი კი მაინც წამოვა, ხან თქეშით, თავიდან ფეხებამდე გაგწუწავს და გამოგაფხიზლებს, ხანაც ჩუმად, ისე, თითქოს რამეს გიყვება, შენ ყურს მიუგდებ და უჩვეულო სითბოს შეგრძნება გაგიჩნდება, რადგან არ გაზრდილხარ ჯერ, რადგან ტირი ისევ პატარა პრინცის ვარდზე და ბატკანზე და უსაშველოდ გინდა, ვინმეს, თუნდაც ორი წუთით, ესმოდეს შენი. დაე, მოგაჩვენოს თავი ისე, თითქოს “დიდი” არ იყოს, დაე... 

ხანაც კი წვეთ-წვეთად მოედინება და ყოველი წვეთი გტკივა, გეხამუშება, გინდა, ადგე და დაკეტო, ძალა არ გყოფნის. ეს ერთადერთი ხმაა, რაც გესმის, გამაღიზიანებელი, მაგრამ შენს უჩვეულო სამყაროსთან დამაკავშირებელი და ძალა არ გყოფნის. 

გენატრება სიჩუმე. აი, ისეთი, ჰაერი რომ მსუყეა, მძიმე და ვეღარ უმკლავდები. ბალახი გინდა. ისეთი ცა გინდა, ვეებერთელა, უზარმაზარი, კიდის დანახვაში ხელს არც ხე რომ გიშლის და არც მეზობლის უკანონოდ დაშენებული მანსარდა, რომლის ერთადერთი ესთეტიკური მხარე სახურავზე ჩამომჯდარი გვრიტია.

ქუთუთოები მძიმდება და ფანტაზიაც მცირდება.
ყოველი მომდევნო დღე ნახევრად შეჭმული კარაქიანი პურით და ამასთან მიმართებაში ორივე მხარის ბუზღუნით იწყება. გზა, რომელსაც სრულიად გაუცნობიერებლად, მექანიკურად გადიხარ აგერ, უკვე ოთხი წელია, სადაც მხოლოდ მაღაზიების ვიტრინები იცვლება დროდადრო, წარწერით - “ქირავდება”... ის ათი წუთი გიყვარს, უკან რომ ბრუნდები, მარტო ხარ და ფიქრობ, ეს ათი წუთი ხან წამია, ხან - საუკუნე, ხან კი, უბრალოდ, 4576 ნაბიჯი მოკლე და 4523 ნაბიჯი გრძელი. 

ადგილი, სადაც თავს ისე კარგად გრძნობ, რბილი იატაკი შენს ფეხქვეშ გასაწმენდი როა, ისიც კი გკიდია. არც იმის სურვილი გიჩნდება, რამე მიალაგო, დრო გენანება ამისათვის. ადგილი, სადაც შენი ესმით, გეფერებიან, სადაც გჯერა, რომ არცთუ ისე უმაქნისი ხარ, აქ შემოსვლამდე რომ გეგონა, შენიანების ადგილი, გული გიფანცქალებს კართან. არადა, ეგეთები არ გჩვევია, ეს კარი იმაზე მეტია შენთვის, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ეს კარი ყველა იმ ნივთზე პირობითია, რაც შენს ირგვლივაა. ხანდახან ვფიქრობ, მხოლოდ იმიტომ არსებობს, იქ მდგომს, ორი წუთით, სანამ გაიღება, გული გიფანცქალებს. ბევრი არ არის კარი, რომლის გაღებასაც ასე ელი, ბევრი კი არა, იმდენად ცოტაა, ერთი ხელის თითები გეყოფა ჩამოთვლისას. ეს ჩამო-კარია, მერე შემო-კარი და ყოველ ჯერზე ახალი ფრაზა ჩვეული თბილი ტემბრით ისმინება. 

იმდენად მარტივად ცხოვრობ, რაც შეიძლება, რთულად გინდა, წერო. ჩემი გასახარებელი ჭია უზარმაზარი გახდა და მთელი არსება მოიცვა ფასეულის ვერშექმნის დარდმა.  
არ გყოფნის ალბათ კვირაში ერთხელ ამ კარის მიღმა სულიერების გადასარჩენად მიღებული პაწია აბი.