მხარზე მაზის უკოპლებო ჭიამაია

Wednesday, November 17, 2010

ძირისძირობამდე და საგულდაგულოდ ასჯერ გადამოწმებულ-გადაქექილი სხეულის გამომზეურება სარკის წინ,ყველა გადადგმული ნაბიჯი გაახლოვებს და გაშორებს,ქალაქის ხმაური უკან რჩება,ვითომდა დაუდევრად აკეცილი თმის ზურგით გრძნობ დუჟმორეულ მზერას,ვერ მიხვდა მზერა,რატომ გაუღიმე ამოსვლისას,ქუჩაში ალბათ არავინ უღიმის ამ შეკრულ შუბლსო,იფიქრე და გაუღიმე,დღეს ემოციაკეთილი ხარ.გულუხვად ფანტავ შეგრძნებების ნარჩენებს,ცოტაღა დარჩა,რამოდენიმე წუთი ახალ გადავსებამდე.ხელისგულებით გრძნობ უკვე,ყლუპ-ყლუპად ჩადის სითბო სხეულში,თითის წვერებზე იწევი და ცას წვდები ხელით,ამ შეგრძნებაში კიდით-კიდემდე იძირები და შენი მოთვინიერებული სხეული ნაცნობ მკლავებს ჯერ ისევ მორცხვად მიჰყვება მთებში,უდაბნოებში,ტყეებში,უცნობ მხარეებში...თაფლისფერი თვალები ჩამოლღვება მხრებზე,მკერდზე,თეძოებზე,ბაგეები გოჯებად ითვისებს სხეულს,რომლის სიმხურვალემ ზეწარს ფერები გადააცალა...
სად ხარ?
ყველგან.
ჩემშიც?
ყოველ ღამე არა...
კვირაი ორჯერ,მე მაძინებენ შენი თბილი ხელისგულები.

სადაც კაკაბია, იქაა გიურზაც

Monday, November 1, 2010

ყავას ვგევარ, ბევრი შაქარი რომ ჩაყარეს, მაგრამ მოსარევია და ფსკერზეა დალექილი, შენი აღზრდა რომ არ გაძლევს უფლებას, არ დალიო და მხოლოდ ბოლოს ამჩნევ დალექილ სიტკბოს.

ზაფხულის კაშკაშა, ზოგისთვის შემაწუხებელ, მწველ ამინდს ვგევარ, უცაბედად თქეში წვიმა რომ წამოვა და თავში-აზრად-არ-მომსვლია-ქოლგის-წამოღება ადამიანებს ხასიათს კი არადა, ბრენდს რომ უფუჭებს. ზეთისხილს ვგევარ, ცოტას უყვარს, მაგრამ ერთგულად...

ნერვების მომშლელად უზადოდ გასწორებულ ლოგინს ვგევარ.

იმ ტყვიას ვგევარ, საკუთარი თავისთვის რომ აქვთ შემონახული.

ყველა ფერი ვარ ერთმანეთში გადაზელილი.

თემშარა ვარ, არცერთ გზას რომ არ უერთდება.

ცისარტყელას ასარეკლი გუბე ვარ.

ალაგ-ალაგ ჩამოშლილი საცალფეხო ბილიკი ვარ, მაპატიეთ, ფეხი თუ დაგიცდათ.