მხარზე მაზის უკოპლებო ჭიამაია

Wednesday, November 17, 2010

ძირისძირობამდე და საგულდაგულოდ ასჯერ გადამოწმებულ-გადაქექილი სხეულის გამომზეურება სარკის წინ,ყველა გადადგმული ნაბიჯი გაახლოვებს და გაშორებს,ქალაქის ხმაური უკან რჩება,ვითომდა დაუდევრად აკეცილი თმის ზურგით გრძნობ დუჟმორეულ მზერას,ვერ მიხვდა მზერა,რატომ გაუღიმე ამოსვლისას,ქუჩაში ალბათ არავინ უღიმის ამ შეკრულ შუბლსო,იფიქრე და გაუღიმე,დღეს ემოციაკეთილი ხარ.გულუხვად ფანტავ შეგრძნებების ნარჩენებს,ცოტაღა დარჩა,რამოდენიმე წუთი ახალ გადავსებამდე.ხელისგულებით გრძნობ უკვე,ყლუპ-ყლუპად ჩადის სითბო სხეულში,თითის წვერებზე იწევი და ცას წვდები ხელით,ამ შეგრძნებაში კიდით-კიდემდე იძირები და შენი მოთვინიერებული სხეული ნაცნობ მკლავებს ჯერ ისევ მორცხვად მიჰყვება მთებში,უდაბნოებში,ტყეებში,უცნობ მხარეებში...თაფლისფერი თვალები ჩამოლღვება მხრებზე,მკერდზე,თეძოებზე,ბაგეები გოჯებად ითვისებს სხეულს,რომლის სიმხურვალემ ზეწარს ფერები გადააცალა...
სად ხარ?
ყველგან.
ჩემშიც?
ყოველ ღამე არა...
კვირაი ორჯერ,მე მაძინებენ შენი თბილი ხელისგულები.

სადაც კაკაბია, იქაა გიურზაც

Monday, November 1, 2010

ყავას ვგევარ, ბევრი შაქარი რომ ჩაყარეს, მაგრამ მოსარევია და ფსკერზეა დალექილი, შენი აღზრდა რომ არ გაძლევს უფლებას, არ დალიო და მხოლოდ ბოლოს ამჩნევ დალექილ სიტკბოს.

ზაფხულის კაშკაშა, ზოგისთვის შემაწუხებელ, მწველ ამინდს ვგევარ, უცაბედად თქეში წვიმა რომ წამოვა და თავში-აზრად-არ-მომსვლია-ქოლგის-წამოღება ადამიანებს ხასიათს კი არადა, ბრენდს რომ უფუჭებს. ზეთისხილს ვგევარ, ცოტას უყვარს, მაგრამ ერთგულად...

ნერვების მომშლელად უზადოდ გასწორებულ ლოგინს ვგევარ.

იმ ტყვიას ვგევარ, საკუთარი თავისთვის რომ აქვთ შემონახული.

ყველა ფერი ვარ ერთმანეთში გადაზელილი.

თემშარა ვარ, არცერთ გზას რომ არ უერთდება.

ცისარტყელას ასარეკლი გუბე ვარ.

ალაგ-ალაგ ჩამოშლილი საცალფეხო ბილიკი ვარ, მაპატიეთ, ფეხი თუ დაგიცდათ.

ისევე,როგორც უმწვანობა

Saturday, October 16, 2010

ისევ გაავდრდა და მე ვერ ვხვდები, მიყვარს თუ მძულს ეს წვიმის წვეთები.
ფეხს ავუჩქარე,გამიცივდები,ქოლგა არ გაქვს როგორც ყოველთვის. არც აპირებდი წამოსვლას, ძალით წამოგიყვანე.არ გიყვარს ფეხით სიარული,მებუზღუნები.მე ხომ შენ არც კი გეკითხები,აი ასე დამყავხარ ყველგან,სადაც დავდივარ.
როგორც ყოველთვის ჩუმად იჯექი,შენი იქ ყოფნა მგონი ვერც კი შენიშნეს,ისე თამამად საუბრობდნენ მორიგ ვიზიტზე გინეკოლოგთან.შენსკენ დროდადრო თვალს ვაპარებდი ჩუმად,იღიმი,ვიცი მერე ბევრს იცინებ მათ შეშფოთებულ სახეებზე.
თავის ტკივილს ვიმიზეზებ და მოვდივართ,ქუჩაში ვიღაცამ ისე ახლოს ჩამიარა,თითქოს ვერც კი შეგამჩნია,ცოტა ფერმკრთალი კი ჩანდი იმ საღამოს.
უკვე მეასედ გპირდები,რომ გაგიშვებ მალე და უშენობას დავარქმევ სევდას,არა,ალბათ დავარქმევ წუხილს,ან დარს უმზეოდ,არააა,უშენობა არაფერს ჰგავს.
უშენობა შენი სახლში დაბრუნებაა.

Thursday, September 30, 2010

მე მაიძულებს ქუჩების წყობა
შენთან მოვიდე.
შენ იტყვი-კარგი რა გაეწყობა,
და მხრებს მოვიტან
შენი ღამისთვის.
მე მაიძულებს ამ მხრების ტვირთი
შენგან წავიდე.
შენ იტყვი-კარგი.
მე კი რას ვიტყვი,
მინდა წამით,რომ მიწა გამისკდეს.


რატი ამაღლობელი

ჩაგადდნდი გულში

Friday, August 20, 2010

მივდივარ...
ჩემი მთები მინდა...
ცრემლებს საკუთარი კალთებით მიმშრალებენ,არაფერს მეკითხებიან და გულს ბაგაბუგი რომ გაუდის,ნისლს იხვევენ,მეც იმ რძისფერ ნისლში ვიკარგები,ჩმს უპეთ მლაშე ტკივილი გადაარღვევს,კლდენიც კი,ასეთი უშიშარნი რომ მეგონნენ,ამიტირდებიან,ქარაფს ჩამოშლიან.
დღეს არც ჩემი თერგი არ ღრიალებს,შენი დარდები გამატანეო ჩუმად მეუბნება.
ბედნიერება ქაბარჯინადან ამომავალი მზის ფერია თურმე თერგო,მწუხარება კი იმ ვარსკვლავს ჰგავს ყველაზე მკვეთრად რომ ანათებს მილიონობით სხვა ვარსკვლავს შორის,ყველა თავისად რომ იჩემებს.დარდი კი თერგო,დარდი იმ შარშანდელი თოვლის ფერია,მთის ნაპრალებში თავს მშვიდად რომ გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს ახალ თოვლამდე.სინანული კი შენ გგავს თერგო,მღვრიეა და აქაფებული,აქეთ-იქით აწყდება სანამ გზას არ იპოვის,თან მიაქვს ლოდები უზარმაზარი,კენჭები შენთან რა მოსატანია.არ მკითხო თერგო სიყვარული რა ფერია,უჩემოდ იცი...
შენ კი ყველაზე ჩემიანი ხარ.

კამარა რომ შევკრა და გავფრინდე?

Tuesday, July 13, 2010

კედლები შეუღებავთ ვარდისფრად,არ მიყვარს ეს ფერი_ნეტავ მანამდე რა ფერი იყო?
კარადა გამოაღო,სულელური ჩვევაა,მაგრამ მგონია ერთხელაც შიგნით გვამი დამხვდება-ო.ვიცი არ არის ნორმალური,ეს რომც ვუთხრა,გაიღიმებს და თავს გაიქნევს,თვალებში ნაპერწკლები აენთება.ვეებერთელა ფანჯრები მოსწონს,აქ კი ერთი პაწაწინა სარკმელია,მერე რა მოხდა,სამაგიეროდ ბაღი ჩანს აქედანო,სკამზე აფორთხდა და ძლივს გადახედა ვიღაცის გავერანებულ ეზოს.ხელები გაშალე და გადმოვხტებიო,პატარა ბავშვივით არის ხანდახან,გულში ჩავიკარი,ისე უცემდა გული შემეშინდა,ერთხელაც ვეღარ მოვისმენ ამ მხოლოდ ჩემთვის გულისცემას.იმ დღეს უჩვეულოდ ჩუმად იყო,ცოლად მომიყვანდიო?-მკითხა
გავჩუმდი,ვერ მოვატყუებდი,მაინც მიხვდებოდა...გაეცინა,ჩუმი სიცილი იცოდა ხმამაღალი სევდით.
ერთხელ ვუთხარი-არ მიყვარხართქო,ვიციო-მიპასუხა,ვატკინე,მაგრამ მეშინოდა მისი უსზღვრო გრძნობის.
მე მასთან დაძინება მინდოდა...
მინდოდა ტყეში წამეყვანა...
მინდოდა ზღაპრები წამეკითხა მისთვის...
ის შეშლილი იყო...
ჩემი შეშლილი...
არასოდეს მითქვამს მისთვის როგორ მიყვარდა...
ეს ისედაც იცოდა.

გაზაფხულზე ხვავრიელად მათოვს,ზამთარში კი ნუშის ყვავილს ვხედავ

Monday, April 19, 2010

იყავი ჩემთან,თუ გინდა-ო და...შეამჩნია სუროს ახალი ხასხასა ფოთლები ამოსვლია,მეზობლის ბავშვი ჩაიკრა გულში,რამხელა გაზრდილხარო.იმ დღეს ქუჩაში ყველას უღიმოდა,სარკეში ნაცნობი თვალები შეეფეთა,დაბრუნებას გილოცავო,გაუღიმა.არც ფიქრობდა,არც აანალიზებდა,სად ეცალა ეგეთი წვრილმანებისთვის,”დილა მშვიდობის”დაიბრუნა..
დაბრუნდა...
თითქოს არც წასულა,არადა ეს ყველაზე ხანგრძლივი წასვლა იყო..
არაფერი შეცვლილაო აქ...
ივსებოდა მისი თვალებით...
ემოციები გახდა საერთო.
როგორ ვიტევო ამდენ სითბოს,თურმე რა ცარიელი ვყოფილვარო უშენოდ,არა,არ უთქვამს,მთავარს სიტყვებით არასოდეს ამბობდა.სუნამო გაახსენდა,უჯრაში რომ ედო და მხოლოდ მაშინ ისხამდა,ისიც სულ ოდნავ,როცა უსაშველოდ ენატრებოდა,მერე დღეები ცოცხლდებოდნენ ზუსტი თანმიმდევრობით,არასოდეს არევია.მისი სუნი ასდიოდა,მისი და იმ დღის წვიმის.წვიმა მევასება და შენც მევასებიო-გემრიელად თქმა იცოდა,ერთ სიტყვაში ჩატევდა იმას,რასაც მარკესში ეძებდა,კლიმტში,ბრეგოვიჩში...
არც გაუცხოვდნენ და არც რა...
ტყუილად შიშობდა ვაითუ-ო...


მე მეშინია რამე არ გატკინო,
უხეშად არ შევეხო შენს სულს,
ზოგჯერ შეიძლება ვერც კი დაამთავრო,
თვითონ თუ არ იცი რა გსურს...