არც კი ვიცოდი:ჭიანჭველები თურმე მართლა ყველაფერს ჭამენ:)

Thursday, June 11, 2009

ალბათ პირველად,ან მეორედ მომინდა წერა,მაშინ როცა კარგად ვარ...
ისე კარგად არ,რომ ვიყვირო და ცა გავხიო:)
ჩუმად კარგად ვარ,
გულში კარგად...
უცაბედი,უმიზეზო ღიმილის მსგავსი კარგად ყოფნაა,თუ დაგიჭირეს სუროს ხასხასა მწვანე ფოთოლს რომ დააბრალებ,ან აივანზე დღეს პირველად შემჩნეულ ბუდეს...
ბაგემდე თვალის ჭრილი რომ გყიდის და კიტხვებს აჩენს,
შენ ამ კითხვებზე პასუხობ,რომ გიყვარს ბუნება:)
გაუცინარ დღეს გეცინება,
უამინდობის ამინდს ქმნი თავად,
გეამაყება დღეს წვეთებიც რომ გიყვარს წვიმის,
ფოთლებიც ქარის შერხეული
(განურჩევლად ყველა ფოთოლი)
ეს სიყვარული დღეს ჰაერს ჰგავს,მთლიანად გავსებს,
გავსებს კი არა,გადმოდის შენი ბაგეებიდან,უპეებიდან და ისეთი გულწრფელია ცოტა გაშინებს...
დღეს არ ხარ ერთი იმათგანი ან ამათგანი,
დღეს ბუნება ხარ,
ყველა ხეში ხარ,ყველა კენჭში
და გიხარიაააააააა
(ეხლა წახვალ და სარეცხს გარეცხავ გახარებული:):))

ჩემეული"ქვიშის ფილოსოფია"

Thursday, June 4, 2009

კითხულობ უსასრულოდ და არ გინდა მალე დამთავრდეს,არადა წყურვილი გკლავს,თითქოს შენც ქვიშით გქონდეს პირი სავსე და გატყაპნილი ნერწყვი ყელში გქონდეს გაჩხერილი.ქვიშა-ცხოვრება ყველაფერ ადამიანურს სპობს,მაგრამ არსებობისთვის აუცილებელია სიმყარე?ალბათ...ცხადად გრძნობ,რომ ნიკ ძიუმპესავით შენც ქვიშის ორმოში ხარ,იქნებ უფრო ცუდ დღეშიც იყო,რადგან აქ დაღუპვის,გადაგვარების ალბათობა გა
ცილებით დიდია.გული გერევა ამ ყველაფერზე.შიშით თვალს ვერ ხუჭავ და მიწაზე რაც შეიძლება მყარად ადგამ ფეხს,შეიძლება ეს მყარი მიწა უცებ ჩაიქცეს და თან ჩაგიყოლოს.ადამიანი ყველაფერს ეგუება,მას თავისი დამპალი კბილების სუნიც კი სიამოვნებს,თუმც ამას არავინ აღიარებს.ცხოვრობს შურის სოკოთი ავად და ვერც ამჩნევს როგორ იხრჩობა თავის ნარწყევში.ცხოველური ინსტიქტები ერთადერთია რაც არასოდეს ავიწყდება,ყოველ დღე შლის კალენდარში განვლილ დღეს.როგორ უნდა მიახრჩოს ეს საშინელი ზიზღი და ბოროტება,ცოფმორეული ღრიალებს და ტავი ეცოდება სხვისი კი არადა საკუთარი.რცხვენია სიშიშვლის და სხვას კიცხავს ამის გამო..უნდა ყველა ძარღვი ამოიღოს და პაწია ნაკუწებად დაგლიჯოს ეს დამპალი სხეული..
ეს რა არის?რა არის?როგორ ყვარებია სიცოცხლე ხედავ?მილიონი საცეცით ებღაუჭება ქვიშის პაწია მარცვლებს,რათა შიგ სამუდამოდ ჩაიმარხოს თავი...

ფეხშიშველამ გავიარე კალიების მდელო

Saturday, May 23, 2009

მადლობ იმისთვის,რომ არსებობ ცოტათი ჩემთვის...
იმისთვისაც,რომ მაპოვნინე უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩემივე თავი
კარგი ადამიანი ვყოფილვარ თურმე(ან არც ისე ცუდი,როგორც მეგონა)
მადლობა შენ ჩემიანო,
ბევრი დარდისთვის,სიხარულისთვის,
ემოციისთვის,ცამდე გრძნობისთვის
და დევის ხელა მონატრებისთვის.
მადლობა ჩემო მეგობარო,ცოტათი მეტო...
რადგან...მეგობრები არ დაყავთ ასე მთელი დღე ყველგან ,სადაც წავლენ...
მაპატიე,რომ დაუკითხავად მოვედი შენთან და დავრჩი ისე,არც კი ვიფიქრე იქნებ ზედმეტი ვიყავი შენთვის,
როგორც აპრილში მოსული თოვლი.
მაპატიე,რომ ვიცხოვრე შენი საათებით,დღეებით,წლებით
მაპატიე,რომ შენი ტკივილი მტკივა და მენანები ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის...
მაპატიე,რომ მოვედი გვიან,
რომ ნებისყოფა მხოლოდ იმისთვისღა მყოფნის საკუთარ თავს რომ არ ვუღალატო,
მეგობრებისთვის არასოდეს მიღალატია.
მაპატიე,რომ დღემდე შენთვის საიდუმლოება ვარ.
მაპატიე რწმენა,რომელიც ჩემამდე გქონდა...
ჩემს მერეც მოვა...
მაპატიე,რომ ოცნებებით არ დავიღალე,
რომ შეცდომებზე ვერასდროს ვსწავლობ.
მაპატიე,რომ მახსოვს შენი დაბადების დღე.
მინდა იისფერ ნაკვალევს ვტოვებდე ასეთ ნაცრისფერ სამყაროში,
ნეტავ ამისთვის თუ უნდა გთხოვო პატიება?
მაპატიე,რომ ხსოვნა უძირო ჭასავითაა,
ის ვარსკვლავები მაპატიე,გორგოლაჭებს რომ აღარ გვანან.
მაპატიე,რომ სრულ სიმშვიდემდე რაღაც რჩება,ეს რაღაც მიზიდავს უჩვეულო ძალით...
მაპატიე,რომ ოდესმე-ს ვამბობ ყველაძე ხშირად,
მაპატიე,რომ ბედნიერება დაშრეტილი ენერგიის აბივითაა.
მაპატიე,რომ მეშინია შენი დაკარგვის...
მიყვარხარ თბილო და ამის გამო არასოდეს გთხოვ პატიებას.

ტ-ს შემდეგ

Tuesday, April 14, 2009

ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ, ამ ეპოქაში არ უნდა გავჩენილიყავიო, უთქვამს მავანს, მაგრამ ჩემი შემთხვევა გაცილებით სავალალოა და დროდადრო გულისამაჩუყებლურ ღიმს იწვევს... იმ დასკვნამდე მივედი, რომ არათუ კომპიუტერულ ეპოქაში, მგონი, ბურთულიანი ავტოკალმების ეპოქაც ადრე იყო ჩემთვის. ბატის ფრთას უნდა დავჯერდე.. ამაში არავის დარწმუნება არ გამიჭირდება, თუ რამოდენიმე ჩემს მიერ აბსოლუტურად სერიოზულად დასმულ კითხვას ან არანაკლებ სერიოზული სახით ნათქვამ ფრაზას გავიხსენებ.

ძნელია ჩემი პროგრამისტი მეუღლის სახის დავიწყება, როცა მისთვის სისტემურ ბლოკზე და ჩემთვის მონიტორის გვერდით მდგარ შავ ყუთზე, შანდლები რატომ ახატია-თქო ვკითხე. ჯერ ძებნა დაიწყო ცოტა არ იყოს და, გაოცებული სახით, მერე რომ ვერ იპოვა, თითიც მოვიშველიე და... არადა, ეს usb პორტი მართლა გავს შანდალს.

ჩემი და კომპიუტერის ურთიერთობა ასე მარტივად არ დაწყებულა. თავიდან მისი დანახვა არ მინდოდა და მხოლოდ მაშინ ვეხებოდი, როცა მტვერი იყო გადასაწმენდი. გადიოდა წლები, მისი არსებობა უფრო და უფრო მიშლიდა ნერვებს, დროდადრო სკანდალების მიზეზიც ხდებოდა (მაშინ, როცა სხვა მიზეზს ვერ ვპოულობდი).

ოთხი წელი, ოთხი წელი ის ჩემთვის ისეთივე ნივთი იყო, როგორიც სკამი ან კარადა, თუმც ამ უკანასკნელთ გაცილებით მეტი დანიშნულება გააჩნდათ ჩემთვის. წელს კი რატომღაც გადავწყვიტე, მასთან ურთიერთობა თავიდან ამეწყო, წარსული უთანხმოებები დავივიწყე და გაღიმებული ვეახლე. მართალია, თავიდან საშინლად მექცეოდა, ყველა უხეში მოპყრობა გამიხსენა, როდესაც ჩემს დიდი ძალისხმევის შედეგად გახსენებულ პაროლს ვკრეფდი, მეუბნებოდა, დარწმუნებული არ ვარ კლავიატურასთან ადამიანი რომ ზისო, მაუსიც აიყოლია და თავის ჭკუაზე დაყავდა, ხან კი რაღაც ფანჯრებს მიხსნიდა - ჩემს ჯინაზე, ინგლისურენოვანს, მშვენივრად იცოდა ეგ ენა რომ არ ვიცი. ურთიერთობა ისე დაიძაბა, ერთხანს იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ დავუსვა წერტილი ამ ყველაფერს-თქო, მაგრამ კლავიატურაზე წერტილის უშედეგო ძებნის მერე ეს აზრი ვერ განვახორციელე. თან ჩემმა შელახულმა თავმოყვარეობამაც არ მომცა მაგის ნება და აგერ უკვე მეასედ ახალი შემართებით ვცადე გავრკვეულიყავი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპში.

ბეჭდვაში ივარჯიშებ, სკაიპი შექმენიო მირჩიეს. არავის უთქვამს, ეკა, მაკა, თიკა ან თუნდაც, საკუთარი სახელი გერქვასო, ჰოდა, მეც გრანდისმოჰალე დავირქვი და ერთი კვირა ამაოდ ველოდი ვინმეს გამოხმაურებას. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემდა საამაყოდ ჩემი მოქიშპის ეგ მხარე ისე ავითვისე თვით დავრჩი გაოცებული, მაგრამ რის ფასად? უამრავი ინტელექტს მოკლებული ადამიანის, რომელთაგან ზოგს კილიმანჯარო მცენარე ეგონა, გრანდისმოჰალე კი დინოზავრთა ერთ-ერთი სახეობა (აბსოლიტურმა უმრავლესობამ კი დინოზავრთა გადაშენების შესახებ ჩემგან შეიტყო).

მაინც არ მეხსნება ბილომდე და დროდადრო არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებით მანებივრებს, სწორედ ასეთი დროდადრო დღე იყო რამოდენიმე ხნის წინ, მეგობარს ვესაუბრებოდი, მან კეთილი ზრახვის ნიღაბს ამოფარებულმა ვერაგულად შემიტყუა რაღაც კომფერენციაში, სანამ გაოგნებული ვაცეცებდი მაუსს აქეთ-იქით, ჩემს კომპიუტერში არსებული ყველა მრგვალი ყვითელი ბურთი დაუნდობლად მოჰყვა ხარხარს, ვიხვეწებოდი აქ არ დამტოვოთ-თქო, მაგრამ ვინ გაიგო?რაც ბურთებმა დამაკლეს, ჩემმა მეგობრებმა დამიმატეს და მე ავტირდი ისე, ლირს შეშურდებოდა... ეს პოსტი კი იმის დასტურია, რომ მე და ჩემი კომპიუტერი ვცდილობთ, ერთმანეთს გავუგოთ. აღარც მე ვურტყამ თითებში, როცა მაბრაზებს და თვითონაც მოთმინებით იტანს საკუთარ ფიზიონომიაზე არეკლილ ჩემს მუდმივად გაოგნებულ სახეს.

Monday, March 30, 2009

ჩემი ცხოვრების გასაყართან შემომღამდა...ყველაფერს საკინძეზე შემხმარი ასაქერცლი სისხლის სუნი უდის,არ მიმატოვო მარტო...მოწყენა მოსდევს ამნაირ ავდარს,მინდა თითის წვერებზე აწევისას ცას მივწვდე ხელით.ტირილი ცალი თვალით არ გავს ტირილს ორივე თვალით,ცალი ტირის,მეორე ცდილობს,მაგრამ ამაოდ...ჩემი შენთვის ნაჩუქარი თვალი დამეშრიტა.ოთხი კიდურის და უამრავი საცეცის მქონე ჭიმატყმელა ხარ,ტუჩის კიდურებში ბლანტად დაგროვილი სითხით.სიმარტოვე სასიამოვნოდ მწარე ნისლია.ნაბიჯები არსაით დაიკიდე ცალ ფეხზე,ორი ზედმეტიც კია.საერთო ნერწყვი ტრადიკომედიის დასაწყისია,მტკივა სიმუნჯე,უსაშველო დაღლას ვგრძნობ..დამრჩება სევდა,უთქმელი დარდი,ვპატარავდები,და მოვა წვიმა,არა,თოვლი.შენ არ გესმის ჩემი ტკივილი,ამას არც ველი,უბრალოდ მინდა ჩემი ცხოვრება.ჩემი კეთების სურვილი მიხშობს გამოუთქმელ სიკეთეს შენსას და ხშირად ვხვდები,თქმას და ართქმას ერთი ფასი აქვს...რა დევს წყენაში როცა ამას მაინც ვერ იმჩნევ.ჩემი ურჩობა უნდა გაგეგო რომ არ იყო განურჩევლობა.

Sunday, March 29, 2009

აზრი ბადებს სურვილებს,სურვილი გრძნობებს.გრძნობა-არაფრისმაქნისობის ყრუ შეგრძნება.იმედი,გაქცევა მოსაწყენი რეალობიდან.ოცნება-უტოპია,აბსურდი....არარსებულის არსებულად დაჯერების თავისთავად შექმნილი ილუზია.ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივაა მთლიანობაში ერთ დიდ ბუშტს წააგავს,ან გაფრინდები ან წკაპ და.....ადამიანი,რომელიც აგიხსნის სიყვარული რა ფერია არ არსებობს.განსჯი სხვას და თავი გეზიზღება.ოდნავ ხმამაღლა ქუსლი და ჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება,დადებითი აურა და ყველას უყვარხარ განურჩევლად ასაკისა, არა, სქესისა.სქესი-თავისუფლების შეგრძნება და გადარევა,აღგმაფრენის დაღმართობა...უცნობი განცდა ყველაფრის მიმართ,სურვილი ინდივიდუალობისა ახშობს პატიების შესაძლებლობას.მკვეთრი მოსახვევების ტკივილნარევი მონატრება...სენსორული იზოლაცია-ოჯახი.ბავშვობიდან გამოყოლილი აუხდენელი ოცნებები დილის 7-დან 9-მდე,ამ ოცნებებს მისი ხელების თბილი სუნი აქვს.ყველაფერი ვერშესაერთებელ ნაწილებად იშლება,ყურით მოყვანილი სევდა წვიმის წვეთებად იღვენთება და დამუნჯებას ნატრობ.იმისთვის კიდევ ერთხელ რომ არ მოგიხდეს დაკარგვა.ეს შეგრძნება კანის ქვეშ იბადება და ყრუდ იწყება,მერე მძაფრდება და უსაშველო მონატრებად გადაიქცევა ხოლმე,შენამდე და შენს მერე არ არსებობს,ვერც გარბიხარ,რადგან იქ ხარ სადაც აქამდე გარბოდი,უკან არ დაგრჩა საცალფეხო ბილიკიც კი,მომენატრე და ისე გინატრე შემეშინდა არ გავმქრალიყავი...და ვგრძნობ ვთავდები,ისევ ვიწყები,და ყველა ასეთ წამოწყებაზე მაკლდება ჩემი გრძნობები...შეჩვევა არ ღირს,მაჩვენეთ გზა ,რომლითაც უნდა ვიარო ხვალ,რომლითაც გუშინ უნდა მევლო.

როცა ონკანში ჭის წყალი მოდის

Friday, March 27, 2009

დაწყება ჭირს. დაწყება ჭიირს. ჭირს წაუღია ეს დაწყება. ასე დაიწყო სიტყვების წყება... ტკივილი გულში? ხან კუმშვის, ხანაც უჩვეულო რიტმის სახით ვლინდება და შენც დაწყება გინდება. ეს ყველაზე უვნებელი გინდებაა იმ მრავალ გინდებათა შორის, რაც დროდადრო შენს არცთუ ისე მძიმეწონიან სხეულში ვლინდება. ხოოდა, მომინდა უსაშველოდ დაწყება წერის, რადგან მხოლოდ ეს დაწყებაა უმტკივნეულო ყველა სხვა დაწყებასთან შედარებით, გამოდარება მინდა, მინდა, არადანი ვიყო, არჩევანის გაკეთება სხვას მივანდო და საკუთარი დაწყებაც ვანდო... 

ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა ონკანში ჭის წყალი მოდის. ერთი ასოც რომ შეგეშალოს, სხვა რამე გამოვა, ის წყალი კი მაინც წამოვა, ხან თქეშით, თავიდან ფეხებამდე გაგწუწავს და გამოგაფხიზლებს, ხანაც ჩუმად, ისე, თითქოს რამეს გიყვება, შენ ყურს მიუგდებ და უჩვეულო სითბოს შეგრძნება გაგიჩნდება, რადგან არ გაზრდილხარ ჯერ, რადგან ტირი ისევ პატარა პრინცის ვარდზე და ბატკანზე და უსაშველოდ გინდა, ვინმეს, თუნდაც ორი წუთით, ესმოდეს შენი. დაე, მოგაჩვენოს თავი ისე, თითქოს “დიდი” არ იყოს, დაე... 

ხანაც კი წვეთ-წვეთად მოედინება და ყოველი წვეთი გტკივა, გეხამუშება, გინდა, ადგე და დაკეტო, ძალა არ გყოფნის. ეს ერთადერთი ხმაა, რაც გესმის, გამაღიზიანებელი, მაგრამ შენს უჩვეულო სამყაროსთან დამაკავშირებელი და ძალა არ გყოფნის. 

გენატრება სიჩუმე. აი, ისეთი, ჰაერი რომ მსუყეა, მძიმე და ვეღარ უმკლავდები. ბალახი გინდა. ისეთი ცა გინდა, ვეებერთელა, უზარმაზარი, კიდის დანახვაში ხელს არც ხე რომ გიშლის და არც მეზობლის უკანონოდ დაშენებული მანსარდა, რომლის ერთადერთი ესთეტიკური მხარე სახურავზე ჩამომჯდარი გვრიტია.

ქუთუთოები მძიმდება და ფანტაზიაც მცირდება.
ყოველი მომდევნო დღე ნახევრად შეჭმული კარაქიანი პურით და ამასთან მიმართებაში ორივე მხარის ბუზღუნით იწყება. გზა, რომელსაც სრულიად გაუცნობიერებლად, მექანიკურად გადიხარ აგერ, უკვე ოთხი წელია, სადაც მხოლოდ მაღაზიების ვიტრინები იცვლება დროდადრო, წარწერით - “ქირავდება”... ის ათი წუთი გიყვარს, უკან რომ ბრუნდები, მარტო ხარ და ფიქრობ, ეს ათი წუთი ხან წამია, ხან - საუკუნე, ხან კი, უბრალოდ, 4576 ნაბიჯი მოკლე და 4523 ნაბიჯი გრძელი. 

ადგილი, სადაც თავს ისე კარგად გრძნობ, რბილი იატაკი შენს ფეხქვეშ გასაწმენდი როა, ისიც კი გკიდია. არც იმის სურვილი გიჩნდება, რამე მიალაგო, დრო გენანება ამისათვის. ადგილი, სადაც შენი ესმით, გეფერებიან, სადაც გჯერა, რომ არცთუ ისე უმაქნისი ხარ, აქ შემოსვლამდე რომ გეგონა, შენიანების ადგილი, გული გიფანცქალებს კართან. არადა, ეგეთები არ გჩვევია, ეს კარი იმაზე მეტია შენთვის, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ეს კარი ყველა იმ ნივთზე პირობითია, რაც შენს ირგვლივაა. ხანდახან ვფიქრობ, მხოლოდ იმიტომ არსებობს, იქ მდგომს, ორი წუთით, სანამ გაიღება, გული გიფანცქალებს. ბევრი არ არის კარი, რომლის გაღებასაც ასე ელი, ბევრი კი არა, იმდენად ცოტაა, ერთი ხელის თითები გეყოფა ჩამოთვლისას. ეს ჩამო-კარია, მერე შემო-კარი და ყოველ ჯერზე ახალი ფრაზა ჩვეული თბილი ტემბრით ისმინება. 

იმდენად მარტივად ცხოვრობ, რაც შეიძლება, რთულად გინდა, წერო. ჩემი გასახარებელი ჭია უზარმაზარი გახდა და მთელი არსება მოიცვა ფასეულის ვერშექმნის დარდმა.  
არ გყოფნის ალბათ კვირაში ერთხელ ამ კარის მიღმა სულიერების გადასარჩენად მიღებული პაწია აბი.