გაზაფხულზე ხვავრიელად მათოვს,ზამთარში კი ნუშის ყვავილს ვხედავ

Monday, April 19, 2010

იყავი ჩემთან,თუ გინდა-ო და...შეამჩნია სუროს ახალი ხასხასა ფოთლები ამოსვლია,მეზობლის ბავშვი ჩაიკრა გულში,რამხელა გაზრდილხარო.იმ დღეს ქუჩაში ყველას უღიმოდა,სარკეში ნაცნობი თვალები შეეფეთა,დაბრუნებას გილოცავო,გაუღიმა.არც ფიქრობდა,არც აანალიზებდა,სად ეცალა ეგეთი წვრილმანებისთვის,”დილა მშვიდობის”დაიბრუნა..
დაბრუნდა...
თითქოს არც წასულა,არადა ეს ყველაზე ხანგრძლივი წასვლა იყო..
არაფერი შეცვლილაო აქ...
ივსებოდა მისი თვალებით...
ემოციები გახდა საერთო.
როგორ ვიტევო ამდენ სითბოს,თურმე რა ცარიელი ვყოფილვარო უშენოდ,არა,არ უთქვამს,მთავარს სიტყვებით არასოდეს ამბობდა.სუნამო გაახსენდა,უჯრაში რომ ედო და მხოლოდ მაშინ ისხამდა,ისიც სულ ოდნავ,როცა უსაშველოდ ენატრებოდა,მერე დღეები ცოცხლდებოდნენ ზუსტი თანმიმდევრობით,არასოდეს არევია.მისი სუნი ასდიოდა,მისი და იმ დღის წვიმის.წვიმა მევასება და შენც მევასებიო-გემრიელად თქმა იცოდა,ერთ სიტყვაში ჩატევდა იმას,რასაც მარკესში ეძებდა,კლიმტში,ბრეგოვიჩში...
არც გაუცხოვდნენ და არც რა...
ტყუილად შიშობდა ვაითუ-ო...


მე მეშინია რამე არ გატკინო,
უხეშად არ შევეხო შენს სულს,
ზოგჯერ შეიძლება ვერც კი დაამთავრო,
თვითონ თუ არ იცი რა გსურს...

ოფოფი,რომელიც კოდალა მეგონა

Tuesday, March 9, 2010

თუ არასოდეს...
გადაყლაპული სპილო ქუდში არ აგრევია,
ცაზე კვლავ ეძებ ვარსკვლავს,
რომელიც მხოლოდ შენია,
და იცი...
პირდაპირ თუ ივლი შორს წახვალ.
დაგყვება სუნი,რომელმაც გადარია შენი მელია
და ბაობაბიც არ გახსენებს შენი ფანჯრის წინ მდგომ ცხენისწაბლას,
ესე იგი,ჯერ კიდევ ხვდები,იმას
რასაც უფროსები ვერ მიხვდებიან.


უკმარობის ნიაღვარი მაქვს

ფეხსაცმელი გაიხადა და მთხოვა:სადმე წამიყვანე,სადაც მშვიდად დავიძინებო

Monday, February 22, 2010

მალაიზიის მთებში ინკების ნაქალაქარი იცი?
ყველაზე მაღალ მთაზე ავიდოდი,მუხლებზე დაგისვამდი,ხელებს მხრებზე მოგხვევდი და მკერდში ჩაგიკრავდი,თვალებს დაგიკოცნიდი,საფეთქელზე გაკოცებდი,ძარღვი რომ გიფეთქავს იქ,როცა რამეს ემოციურად აღიქვამ,მაშინ ჩნდება ეგ ძარღვი...
შენს გულისცემას მოვისმენდი მეათასეჯერ და ისევ არ მომბეზრდებოდა...
შენ ზღაპარს მომიყვებოდი,რაიმე უჩვეულოს,ნაღვლიანს და არაფრის დიდებით არ გამოტყდებოდი,რომ ჩემთვის მოიგონე იმ წუთას...
უკიდეგანო ცა გამაკვირვებდა,შენ არ...მაშინ წვდები ცას,როცა მოგესურვება...მე მეშინია თითის წვერებზე ავიწიო...
შენი მხრის მიღმა ჩამავალ მზეს დავინახავდი,მე ხომ ჯერაც ვერ ვისწავლე,როგორ ვნახო მზის ჩასვლა მაშინ,როცა მოვისურვებ...
შენ ფიქრობ,რომ უგუნური რისკის ხიბლი მიტაცებს,ის რაღაა,მთაზე ასვლისას უფსკრულში გადაჩეხვის უსაზღვრო სურვილი მიჩნდებაო,რომ ამბობ...
მაპატიე,რომ მარტორქების არსებობა ვერ დავიჯერე...
იმიტომ ვერ ხედავ,მე ვაფრთხობო,მეუბნებოდი...
მშვიდად ვარ შენთანო და მე ირგვლივ სულიერი,რომ არ ჭაჭანებდა იმას ვაბრალებდი...
სიგარეტის მავნებლობაზე ბევრს გესაუბრებოდი და არასოდეს მითქვამს,როგორ მომცონდა როცა ეწეოდი.
წვიმდა გარეთ,უცნობი კედლები შენით თბებოდა,ციოდა,ადმინისტრატორმა მომატყუა და გამათბობელსაც ვერაფერი გავუგე,იღიმოდი,ასეთ წვრილმანებზე არასოდეს გეშლებოდა ნერვები.ფანჯარასთან იდექი და ბავშვივით გიხაროდა წვიმა,მინის შიგნიდან წვეთებს თითს აყოლებდი...
პირველად ვიყავი ასე ახლოს შენთან,სუნთქვა მეკვროდა,ვიჯექი სვარძელში და განძრევას ვერ ვბედავდი,შენ ლაპარაკობდი ,ბევრს და ყველაფერზე,ვცდილობდი ისეთი სახე მიმეღო,თითქოს ძალიან მაინტერესებდა შენი მეგობრის ყოფილი შეყვარებული რომ დაინახე ამას წინათ ხელიხელგადახვეული უცხო გოგოსთან.
მეშინოდა ...
შენი...
საკუთარი თავის...
მოტრიალდი და ისე ნელა წამოხვედი,ერთი თამაში გამახსენდა,ათი პატარა ჭიანჭველა წინო,რომ ვამბობდით...შენ გემსგავსებოდი...
მოხვედი და უცერემონიოდ ჩამიჯექი კალთაში...
ხელისგულები ყველაზე მგრძნობიარე ადგილად იქცა სხეულში...
შემთხვევით უთო თუ არ წამოგიღია,კაბას ნუ დამიკუჭავო...
ხელში აგიყვანე და მივხვდი,უკანმოუხედავად უნდა გავქცეულიყავი შენგან,მიმეტოვებინე უნდა იმ უცხო კედლებში,უცხო ქალაქში და აღარასოდეს გამეხსენებინა შენი სხეულის სიმსუბუქე...
მაშინ არ ვიცოდი,რომ შენი ვეებერთელა სიყვარული შემაშინებდა...
რომ შეუძლებელი იქნებოდა მუჭისხელა გულში შენი დატევა...
ზღაპრები მაჩუქეო მთხოვე...
ვერ გავიმეტე...
წამიყვანე სადმე,სადაც მშვიდად დავიძინებ.

მადლობ ჯო:)

Sunday, January 31, 2010

ჩემს პოსტებს გადავხედე და იმდენი მიტირიააა...ასე გაგრძელება არ შეიძლებააა.
ჩემმა მეგობარმა მითხრა:ცუდად როცა ვარ განვლილი ცხოვრების სასიამოვნო ეპიზოდებს ვიხსენებ,და ვხვდები,რომ წინ კიდევ უკეთესი მელოდება-ო.
უამრავი მიზეზი მაქვს კარგად ყოფნისთვის .
გაბომ თქვა,ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული-ო,დაეჯერება მაგ ადამიანს:)
დღეს...

ბეჭდის შიდა წარწერას ვგავარ

Saturday, January 23, 2010

მოვიწყინე შენთანო და გამექცა...
დარდი ჩემი კიბე-კიბე აივლის,
ალუბლებიც აყვავდება აივნის...
მანამდე კი...
ჩემი ყოველდღიურობისაგან თავის დაღწევის უშედეგო ცდები,პრობლემებისგან გაქცევის ნიღაბს ამოვაფარე.
ემოციები მექცა დარდებად...
სიყვარული ხან ცრემლებად მეკარგება,ხან ფეხაკრეფით მიიპარება...
კართან ვეწევი და აგერ უკვე მერადენედ ვპირდები,რომ...
ცივ ნიავს არ მივაკარებ,
გავიღვიძე...
ახლა უბრალოდ თვალებს ვიფშვნეტ,
გამოვფხიზლდები,როცა მზე ძალას მოიკრებს,მაშინ...
ყველა იმ ადგილს შემოვივლი,ასე რომ მენატრება,აღარც მოუცლელობას მოვიმიზეზებ,აღარც უმანქანობას...
ხაფანგში დაჭერილი მგელივით მზად ვარ საკუთარი კიდური გადავღრღნა კბილებით,ოღონდ გავიქცე..
უშედეგო ცდა რაიმეს გამოსწორების,შეცვლის,თავიდან დაწყების,ან სულ თავიდან...
ვინმეს შველის...
ერთგული მხარის...
უანგარო ღიმილის...
სასაცილო ვარ,შეიძლება,
მაგრამ არ ვარ თვალთმაქცი..
არც ანგარებით ვაკეთებ რამეს...
და ჯობს ტკივილმა დამახრჩოს ისევ ვიდრე ბოღმამ...
გაივლის ესეც...
მანამ,სანამ..
მოვიწყინე შენთანო და ღიმილი გამექცა.

Wednesday, January 20, 2010


სებასტიანის შემშურდა იმ დღეს

Sunday, January 10, 2010

აღარ
აღარ
აღარ
აღარ
აღარასოდეს
აღარასოდეს
აღარასოდეს და ვეღარავინ
ვეღარავინ...
ვისწავლო მინდა,
მაგრამ ვერ...
ვერ...
ვერ...
დაე თავიდან
დაე
დაე
დაე ნურავინ
ნუ გაიგებს
ვერ გაიგებს
სხვაგვარად არ შემიძლია...
არ
არ
და ვერ...
სხვაგვარად მზე არ ამოვა მაშინ როცა მინდა...
ვერც ვერასოდეს გავიგონებ ზანზალაკების ხმას,ჩემს ხმას,ჩემთვის ხმას...
მაშინ არ მინდა
აღარ მინდა
მოშინაურება აღარ მინდა...
ნუ მომიშინაურებთ ადამიანებოოოო
ვეღარ
ვეღარ
და რომელიმე თქვენგანის კიდევ ერთზე...
მე სამუდამოდ
სამუდამოდ წავალ სახლში...
იქ,სად არავინ
არავინ და არაფრის გამო არ თოვს და არ წვიმს.
"უფროსი"გავხდი...
გავიზარდე...
წამი დაჭირდა
უკვე მეორედ გავხდი "დიდი"...
და ვეღარ მატკენთ...