საღეჭი რეზინით რომ მივაწებოთ?

Wednesday, March 13, 2013

უკვე ვიცოდი ხელგაშლილი რომ არ მელოდი,ჩემზე მეტადაც ღელავდი ალბათ. რატომ არ ამბობ,თურმე როგორ გავჭაღარავდი,როგორ ვბერდები,თვალთან ნაოჭი,რომ გამიჩნდა,გულდასმით ამას როგორ ვმალავდი და უსინდისოდ მზის სხივს როგორ გადავაბრალე. როგორ მინდოდა გულში მაგრად ჩაგხუტებოდი,ვეღარ ვბედავდი.შენგან წასულმა ხომ წავიღე შენი გულის ჩემი ნაწილი,რაღას ვითხოვდი? როგორ ვნატრობდი შენი თითები მეგრძნო მხრებზე. გიმახსოვრებდი,არაფერი დამვიწყებია,უბრალოდ ახალ დარდებს ვეძებდი შენს სახეზე.შენ ინახავ ჩემს ტკივილებს,მე კი არ მიმხელ. ვის შევჩივლო,რომ მენატრები გაუსაძლისად,უშენობა ხან მლაშეა,ხან მთელს სხეულში დაიარება. ჩემო ყველაზე თბილო გულო,ესეც გაივლის.., ჩრდილი აივნის, ვიღაც დაივლის,დარის მზის მსგავსად სხივებად აკრეფს დარდებს შენსას და თოვლის მსგავსად უჩუმრად ივლის. დასალიერის უზარმაზარ კარიბჭესთან ფეხს მოირთხამს და მძივებად დაყრის კალთიდან ურვას. თხემით ტერფამდე,თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე,ადან ჰოემდე,შემოვა შენში,დაისადგურებს,დაიბუდებს,ფესვებს გაიდგამს,განიტოტება,მერე კი ჩუმად,ტაატით და ნაბიჯ-ნაბიჯ გაბატონდება. მერე რა ,რომ ცისარტყელას შვიდი ფერი აქვს,მხოლოდ ექვს ფერად აინთება და ნაწვიმარზე გუბეში ხან ნარინჯისფრად დაიწყებს ტირილს,ხან მქრქალ იისფრად.სანამ გაძღები,მანამ წავა. მას მერე ეძებ,რაც ჩვენ ვიყავით პოლიპები.მარჯნის უთვალავ ნაკეცებში მშვიდად ვცხოვრობდით და თავზე დიიიდი ცა გვეხურა,თვალუწვდენელი. ყველა ვარსკვლავი გორგოლაჭიან ჭას ჰგავდა და თვალი იყო ბრმა ,როდესაც გულით ვხედავდით.

დამეფანტე

Monday, June 11, 2012

ხანდახან მოსვლა ისე მინდება,რომ იყოს ნება, ახლის შენებად გარდავქმნიდი დაბზარულ კედლებს, შემოძარცვულ ბათქასებად დაკიდულ გრძნობებს,ემოციებს შევაშველებდი. რაფებს ფანჯრისას(მე რომ ასე მიყვარდა ჯდომა)გადაჰკვრია მომწვანო ხავსი. თვალი დავხუჭე...რომ შემეძლოს შენამდე მოსვლა, მოგიტანდი მძივებად ასხმულ მოგონებებს და მერე ერთად გადავთვლიდით, დღეებად,წლებად,შეგრძნებებად. შენ გადაჩვევას დაგიტოვებდი,შინ დაბრუნებას,გახუნებულ გაფერმკრთალებას. წამოვიღებდი ჩემთვის"დილა მშვიდობისას" "ნამი ნებისას". იმ ძაფის გორგალს ავახვევდი,შენამდე რომ მოვყავდი ჩემო. აქამდე ბოლო არ უჩანდა. და უთბილესი ბალიშებიდან შენი თითების,წამოვიღებდი დარჩენილ სითბოს. დაგიტოვებდი სუნთქვას ჩემსას. ხელი არ მახლო... თორემ დავრჩები საუკუნოდ და მისხალ-მისხალ შემოვიძარცვავ ჩემივე ვნებას, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვკვდები შენში, ფოთოლ-ფოთოლ დაგეკარგები, რომ პირველ თოვლზე ფანტელებად დაგიბრუნდე, თვალის კუთხესთან,საფეთქელთან,იმ ძარღვთან,ემოციადაცლილს რომ გიჩნდება შუბლზე. ხელი არ მახლო... რათა გავყვე პირველ სხივს დილის... ლილისფერ ივლისსს.

აქედან ვერ გაგათბობ

Tuesday, November 15, 2011

რაც შენ დაგაბრუნე სახლში,მას შემდეგ...
აღარ ვიპარავ წამებს,წუთებს,საათებს,
აღარ მიცემს გული მარჯვნივ და აღარც მარტორქების ხმა მესმის,ისე ფეხაკრეფით გაიპარნენ ვერც კი შევნიშნე.
აღარც საკუთარ თავს ვუღიმი ვიტრინებში და აღარც ლუდს ვსვამ...
რაც საკუთარ თავთან დაგაბრუნე,ვხარშავ მურაბებს,
აღარ ვწერ და ისევ განვიცდი...
ტყემალი მლაშე გამომივიდა,ბევრი ვიტირე,ალბათ მაგიტომ...
გამოვიტირე ყველა შენი შეხება,კოცნა,ჩახუტება,
გამოვიტირე ის ერთადერთი დილა,ერთად რომ არ გვქონია.
მე აღარ ვითვლი სახლებს შენამდე...დაუკითხავად წამოვიღე შენი გულის,ჩემი ნაწილი და სულ თან დამაქვს.
რაც დაგაბრუნე,მას მერე მივხვდი ჩემო რისთვის დაგიმსახურე,რისთვის გიპოვე,ჩემად მიგიღე და სამუდამოდ დაგიტოვე.

ავაჰმეე ჩემო...

Sunday, July 31, 2011

დღეს პირველად არ მიხარია ეს დღე,გუშინ არ გამეხარდა გაზაფხული,ხვალ...ხვალ ტოვლი არ გამეხარდება.
აუუ რა ძნელი ყოფილა წერა,როცა გტკივა გაუსაძლისად.
ავაჰმეე ჩემო...
იშვიათად ვტირი,როცა მხოლოდ მე და შენ ვართ მხოლოდ მაშინ.
მეგონა ირგვლივ ყველაფერი განაცრისფრდა,მაპატიე რომ ისევ ვხედავ ფერებს დროდადრო.
ისიც მეგონა,აწი მე რაღა შემაშინებსთქო და მეშინია მაინც ჩემო...
არ გეძებ არსად,სულ ჩემთან ხარ,მარჯვენა მხარეს გულთან-გახსოვს?მხოლოდ,როდესაც იმ ხეს ჩავუვლი,სადაც ასე ხშირად მხვდებოდი თვალის უპეებიდან გადმოდიხარ,მერე მეშინია სულ არ დამეღვარო და ვიღიმი.
როცა იმ ფერის სამოსი მეცვა,რომელიც ასე მძულდა ყოველთვის,ვნატრობდი გულში,არ მენახა ნაცნობი სახე,რადგან კითხვაზე-ხო მშვიდობაა?ვერ ვპასუხობდი,რომ აღარ მყავს ჩემი სისხლი და ხორცი,ჩემი დარდი და სიხარული,ჩემი ნაწილი...და ვიღიმოდი ვითომც არაფერია,ვიტყუებოდი-ისე უბრალოდ...
დარდი გახდა უზარმაზარი და მეჩვენება რომ მაინც მსუბუქ ტვირთად დამაქვს,მაპატიე...
მეჩვენება,რომ დედა ჩვენი უფრო მეტად მეფერება,ან ასეც არის.გენაცვალოს შენი დედაო-მეუბნება და მრცხვენია,რომ...თითქოს შენს ნაწილ სითბოს ვიპარავ...
არ ვარ ძლიერი,შენ ხომ იცი,სუსტი ვარ და...იყავი ჩემთან.
მეშინია ოდესმე არ დამავიწყდეს შენი ნათქვამი თუნდაც ერთი სიტყვა და ვიმეორებ გაუთავებლად ყველაფერს რაც კი მახსენდება...
არსად არ გეძებ,შენ ჩემთან ხარ,რატომ მოგძებნო?შენ როგორ უნდა დამეკარგე.
მაპატიე,რომ დამენანე უფრო კარგი ყოფისთვის ჩემო.
გპირდები ერთხელ გამახარებს მეზობლის თეთრად გადაბარდნილი სახურავის კუთხე,ჩემი ფანჯრიდან რომ ჩანს...
ახლა კი...
ახლა?
ავაჰმეეე ჩემო...

მე ვხედავ მზეს

Tuesday, January 25, 2011

ქუჩის ბოლოდან ფეხს ვუჩქარებ,ყველაფერი ირგვლივ ღიმილიანი მოგონებაა,ჩემი თბილი კედლები გამოჩნდა,სახურავი,ყოველ ჯერზე ისე მიცემს კართან გული,თითქოს საუკუნეა არ შევსულვარ.
ყოველთვის როცა გულში მიკრავს და მეფერება,თვალები ცრემლით მევსება,მუდმივად მენატრება.
ყველა კარადას და ყველა უჯრას სათითაოდ ვაღებ და პატარა ბავშვივით მიხარია თუ რაიმე ახალს ვპოულობ:)ოთახიდან ოტახში დამყვება და ეცინება,-ყოველ მოსვლაზე ახალი რა უნდა დაგხვდესო.
ჩემი პირველი სტიპენდიით ნაყიდი ჩაის ტილო,ისევ ხელუხლებელი:)
სიმშვიდე....და სიმყუდროვე.

ყველა სიცელქის,განცდის,ბავშვობის სუნი აქვს ამ კედლებს...
ძალიან ლამაზია...ობიექტურად ლამაზი:)
ბოლო ხუთი წელია არ მახსოვს რამდენი წლისაა.
ყველა ახალ ნაოჭზე გული მეკუმშება.
მინდა ცოტათი მაინც ვგავდე.
არა მარტო დღეს,ეს მზე სულ მათბობს,მას შემდეგ რაც ამ ქვეყანას მომავლინა:)

მე ვხედავ მზეს

Thursday, January 20, 2011

ალბათ ყველა თქვენგანს ჰყავს მეგობარი,რომელიც შორს არის,გენატრებათ და ვერ ნახულობთ თვეობით,წლობით.მე ესპანეთში მყავს მეგობარი,ექვსი წელია არ მინახავს:(ცოლი მოიყვანა,მალე მამა გახდება,ვირტუალური კონტაქტი ვერ ავსებს სიცარიელეს,თუმც როცა ხმა მესმის ბედნიერი ვარ,ვიცი აუცილებლად დაბრუნდება,დღეს მზე ბარსელონიდან ანათებდა:)

მე ვხედავ მზეს

Sunday, January 16, 2011

მეგობრების უზარმაზარი წრე ასაკის მატებასთან ერთად ვიწროვდება,მერე კი ახალი მეგობრების შეძენა რთულდება და ვცდილობთ მოვუფრთხილდეთ მათ,ვინც გვერდით გვყავს.ჩემს შემთხვევაში ცოტანი არ არიან,მაგრამ არც იმდენია ხელის თითები არ მეყოს ჩამოსათვლელად:)
ის კი ყველაზე ყველაზეა,პირველად მას შევჩივი და მასვე ვახარებ,ხმა რომ არ ამოვიღო(ანუ ცარიელი მესიჯი რომ გავუგზავნო:))მაინც ხვდება რისი თქმა მინდა,სულ ვფიქრობ-რით დავიმსახურე?დილით მომწერა-ხომ არ გაიგუდეო:)(ასე ამბობს,როცა დიდხანს სძინავს)ცოტა უცნაურია,მაგრამ ეს ფრაზა ისე მახალისებს:)მზესთან ერთად მოვიდა დღეს და დადებითი ენერგიით ამავსო.თუ წაიკითხავს ამ ჩემს მონოლოგს:)ვეტყვი,რომ მიყვარს ცამდე და მენატრება დევის ხელაზე:)