როცა ონკანში ჭის წყალი მოდის

Friday, March 27, 2009

დაწყება ჭირს. დაწყება ჭიირს. ჭირს წაუღია ეს დაწყება. ასე დაიწყო სიტყვების წყება... ტკივილი გულში? ხან კუმშვის, ხანაც უჩვეულო რიტმის სახით ვლინდება და შენც დაწყება გინდება. ეს ყველაზე უვნებელი გინდებაა იმ მრავალ გინდებათა შორის, რაც დროდადრო შენს არცთუ ისე მძიმეწონიან სხეულში ვლინდება. ხოოდა, მომინდა უსაშველოდ დაწყება წერის, რადგან მხოლოდ ეს დაწყებაა უმტკივნეულო ყველა სხვა დაწყებასთან შედარებით, გამოდარება მინდა, მინდა, არადანი ვიყო, არჩევანის გაკეთება სხვას მივანდო და საკუთარი დაწყებაც ვანდო... 

ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა ონკანში ჭის წყალი მოდის. ერთი ასოც რომ შეგეშალოს, სხვა რამე გამოვა, ის წყალი კი მაინც წამოვა, ხან თქეშით, თავიდან ფეხებამდე გაგწუწავს და გამოგაფხიზლებს, ხანაც ჩუმად, ისე, თითქოს რამეს გიყვება, შენ ყურს მიუგდებ და უჩვეულო სითბოს შეგრძნება გაგიჩნდება, რადგან არ გაზრდილხარ ჯერ, რადგან ტირი ისევ პატარა პრინცის ვარდზე და ბატკანზე და უსაშველოდ გინდა, ვინმეს, თუნდაც ორი წუთით, ესმოდეს შენი. დაე, მოგაჩვენოს თავი ისე, თითქოს “დიდი” არ იყოს, დაე... 

ხანაც კი წვეთ-წვეთად მოედინება და ყოველი წვეთი გტკივა, გეხამუშება, გინდა, ადგე და დაკეტო, ძალა არ გყოფნის. ეს ერთადერთი ხმაა, რაც გესმის, გამაღიზიანებელი, მაგრამ შენს უჩვეულო სამყაროსთან დამაკავშირებელი და ძალა არ გყოფნის. 

გენატრება სიჩუმე. აი, ისეთი, ჰაერი რომ მსუყეა, მძიმე და ვეღარ უმკლავდები. ბალახი გინდა. ისეთი ცა გინდა, ვეებერთელა, უზარმაზარი, კიდის დანახვაში ხელს არც ხე რომ გიშლის და არც მეზობლის უკანონოდ დაშენებული მანსარდა, რომლის ერთადერთი ესთეტიკური მხარე სახურავზე ჩამომჯდარი გვრიტია.

ქუთუთოები მძიმდება და ფანტაზიაც მცირდება.
ყოველი მომდევნო დღე ნახევრად შეჭმული კარაქიანი პურით და ამასთან მიმართებაში ორივე მხარის ბუზღუნით იწყება. გზა, რომელსაც სრულიად გაუცნობიერებლად, მექანიკურად გადიხარ აგერ, უკვე ოთხი წელია, სადაც მხოლოდ მაღაზიების ვიტრინები იცვლება დროდადრო, წარწერით - “ქირავდება”... ის ათი წუთი გიყვარს, უკან რომ ბრუნდები, მარტო ხარ და ფიქრობ, ეს ათი წუთი ხან წამია, ხან - საუკუნე, ხან კი, უბრალოდ, 4576 ნაბიჯი მოკლე და 4523 ნაბიჯი გრძელი. 

ადგილი, სადაც თავს ისე კარგად გრძნობ, რბილი იატაკი შენს ფეხქვეშ გასაწმენდი როა, ისიც კი გკიდია. არც იმის სურვილი გიჩნდება, რამე მიალაგო, დრო გენანება ამისათვის. ადგილი, სადაც შენი ესმით, გეფერებიან, სადაც გჯერა, რომ არცთუ ისე უმაქნისი ხარ, აქ შემოსვლამდე რომ გეგონა, შენიანების ადგილი, გული გიფანცქალებს კართან. არადა, ეგეთები არ გჩვევია, ეს კარი იმაზე მეტია შენთვის, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ეს კარი ყველა იმ ნივთზე პირობითია, რაც შენს ირგვლივაა. ხანდახან ვფიქრობ, მხოლოდ იმიტომ არსებობს, იქ მდგომს, ორი წუთით, სანამ გაიღება, გული გიფანცქალებს. ბევრი არ არის კარი, რომლის გაღებასაც ასე ელი, ბევრი კი არა, იმდენად ცოტაა, ერთი ხელის თითები გეყოფა ჩამოთვლისას. ეს ჩამო-კარია, მერე შემო-კარი და ყოველ ჯერზე ახალი ფრაზა ჩვეული თბილი ტემბრით ისმინება. 

იმდენად მარტივად ცხოვრობ, რაც შეიძლება, რთულად გინდა, წერო. ჩემი გასახარებელი ჭია უზარმაზარი გახდა და მთელი არსება მოიცვა ფასეულის ვერშექმნის დარდმა.  
არ გყოფნის ალბათ კვირაში ერთხელ ამ კარის მიღმა სულიერების გადასარჩენად მიღებული პაწია აბი. 

1 comments:

Lika Kakiashvili said...

კეთილი იყოს შენი მობრძანება ბლოგზე - ეს უკვე გითხარი. კარის ამბავზე რომ ამეტირა - ამას შეამჩნევდი შენ თვითონ (თუმცა დამალვა ვცადე წარუმატებლად)... ხოდა კიდევ - ონკანში ჭის წყალი გაუშვესო, ასე გავიგე და მართალია?? :):):)