არადა, ხორცი უნდა ეყიდათ...

Saturday, September 12, 2009

ჰოოოდა, მანქანა შემოეყიდათ...

სწორედ ამიტომ, არცთუ ისე ადრიანად გავაღწიეთ თბილისიდან. გზაში ანდრეას საყვარელ სიმღერას მოვუსმინეთ, სულ რაღაც 47-ჯერ და ქე ჩავედით ანანურში.
გელას “მგელმა” შეუძლებელი შეძლო - ჯერ რომ ასფალტი არ ღირსებია და ბუნებრიობით მოკირწყლული გარეგნობით ამაყობს, აი, ეგეთ გზებზე გადაიარა. ღრმად ჩავისუნთქეთ და... ჩავისუნთქეთ. შემშურდა იმ მახინჯი ორკუზიანის, მარაგს რომ იგროვებს, რადგან თბილისამდე ვერას დიდებით ვერ ჩამოვიტანდი იმ მსუყე ჰაერს. ჰოდა, რაღას ვიზამდი, ამოვისუნთქე.

წინა დღით ჩანთებს რომ ვალაგებდი, ვცდილობდი, ისეთი არაფერი ჩამედო, კიდევ ერთხელ რომ არ მოვხვედრილიყავი იმ სასაცილო შოუში, რომელშიც რატომღაც სულ მე მიწვევენ, მაგრამ ამაოდ...

არა, ვერ გავიგე, ცხიმიანი ხელი როგორ უნდა დაიბანო წყაროს ცივი წყლით უსაპნოდ? თანაც ამ საპნის სიგრძე სამ სანტიმეტრს არ აღემატებოდა. ან მერე რაზე უნდა შეიმშრალო? საკუთარ, უკვე შებოლილ ტანისამოსზე თუ ანაზდად ზურგით მიბრუნებული მეგობრის მხარზე ძმობის ნიშნად ატეხილი ტყაპუნით? ან წვენისთვის საწრუპი (თუ რა ჰქვია) რა ადგილს იკავებს? სამაგიეროდ, ანდრეა გაერთო...

დათომ და დათომ წელს ზემოთ გაიხადეს (მოგეხსენებათ, როგორი ესთეტიური სანახავია ორივე! კუნთი ცარიელი) და მწვადის შეწვას შეუდგნენ. ლიკა კოცონისთვის (ფიჩხი როგორ ვუწოდო იმ მორებს, არ ვიცი) შეშას აგროვებდა. მე სალათს ვამზადებდი. ყველა ფუსფუსებდა. თუ კიტრის ჭამას ფუსფუსად ჩავთვლით, გრიგოლიც. თუმც, მისმა ამ ნეტარებამ დიდხანს არ გასტანა და აიძულეს, მდინარიდან ჩემსიმძიმე (!) ლოდების ამოტანა დაეწყო.

სანამ ჩვენს სანოვაგეს უთვალავი ჭია-ღუა საზამთრო მარაგად წააცუნცულებდა სახლში, მივუსხედით (უფრო წამოვუგორდით) სუფრას. მწვადი იყო ისეთი, ჩაყლაპვა დაგენანებოდა და რაც შეიძლება, დიდხანს ვღეჭავდით.

სოსომ და ლიკამ ფოტოზე რომ ნახე და რომ დაგპირდით, აი, ის ხე უნდა განახოთო და ავუყევით ფერდობს. მეორე და გაცილებით მარტივი გზის არსებობა მოგვიანებით გავიგე. ასე რომ, ძლივს მივფორთხავდი, მაგრამ უკან გრიგოლი ხელჯოხით და ორი წლის ანდრეა მომყვებოდნენ. სინდისმა წუწუნის ნება არ მომცა და, როგორც იქნა, ავაღწიე იმ ხემდე. აყვავებულ ტყემლის ხეს ველოდი (იხ. ლიკას ლეპტოპი) და ჩვეულებრივი, გამწვანებული ხე დამხვდა. სამაგიეროდ, ხედი იყო აააარაჩვეულებრივი. ისეთი, თბილისში 16 სართულიანი კორპუსის წინ გაჩერებაზე რომ დგახარ და ნატრობ.

დიდი კოცონი ავანთეთ და სანამ არ მიინავლა, არ გაგვხსენებია, რომ იქ დარჩენას არც ერთი არ ვაპირებდით. როგორღაც ჩავბარგდით და წამოვედით.

უკვე მენატრება ბაიები.

0 comments: