უკვე ვიცოდი ხელგაშლილი რომ არ მელოდი,ჩემზე მეტადაც ღელავდი ალბათ. რატომ არ ამბობ,თურმე როგორ გავჭაღარავდი,როგორ ვბერდები,თვალთან ნაოჭი,რომ გამიჩნდა,გულდასმით ამას როგორ ვმალავდი და უსინდისოდ მზის სხივს როგორ გადავაბრალე. როგორ მინდოდა გულში მაგრად ჩაგხუტებოდი,ვეღარ ვბედავდი.შენგან წასულმა ხომ წავიღე შენი გულის ჩემი ნაწილი,რაღას ვითხოვდი? როგორ ვნატრობდი შენი თითები მეგრძნო მხრებზე. გიმახსოვრებდი,არაფერი დამვიწყებია,უბრალოდ ახალ დარდებს ვეძებდი შენს სახეზე.შენ ინახავ ჩემს ტკივილებს,მე კი არ მიმხელ. ვის შევჩივლო,რომ მენატრები გაუსაძლისად,უშენობა ხან მლაშეა,ხან მთელს სხეულში დაიარება. ჩემო ყველაზე თბილო გულო,ესეც გაივლის.., ჩრდილი აივნის, ვიღაც დაივლის,დარის მზის მსგავსად სხივებად აკრეფს დარდებს შენსას და თოვლის მსგავსად უჩუმრად ივლის. დასალიერის უზარმაზარ კარიბჭესთან ფეხს მოირთხამს და მძივებად დაყრის კალთიდან ურვას. თხემით ტერფამდე,თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე,ადან ჰოემდე,შემოვა შენში,დაისადგურებს,დაიბუდებს,ფესვებს გაიდგამს,განიტოტება,მერე კი ჩუმად,ტაატით და ნაბიჯ-ნაბიჯ გაბატონდება. მერე რა ,რომ ცისარტყელას შვიდი ფერი აქვს,მხოლოდ ექვს ფერად აინთება და ნაწვიმარზე გუბეში ხან ნარინჯისფრად დაიწყებს ტირილს,ხან მქრქალ იისფრად.სანამ გაძღები,მანამ წავა. მას მერე ეძებ,რაც ჩვენ ვიყავით პოლიპები.მარჯნის უთვალავ ნაკეცებში მშვიდად ვცხოვრობდით და თავზე დიიიდი ცა გვეხურა,თვალუწვდენელი. ყველა ვარსკვლავი გორგოლაჭიან ჭას ჰგავდა და თვალი იყო ბრმა ,როდესაც გულით ვხედავდით.
საღეჭი რეზინით რომ მივაწებოთ?
Wednesday, March 13, 2013
Posted by
Asklypiodota
at
1:43 PM
1 comments
დამეფანტე
Monday, June 11, 2012
ხანდახან მოსვლა ისე მინდება,რომ იყოს ნება, ახლის შენებად გარდავქმნიდი დაბზარულ კედლებს, შემოძარცვულ ბათქასებად დაკიდულ გრძნობებს,ემოციებს შევაშველებდი. რაფებს ფანჯრისას(მე რომ ასე მიყვარდა ჯდომა)გადაჰკვრია მომწვანო ხავსი. თვალი დავხუჭე...რომ შემეძლოს შენამდე მოსვლა, მოგიტანდი მძივებად ასხმულ მოგონებებს და მერე ერთად გადავთვლიდით, დღეებად,წლებად,შეგრძნებებად. შენ გადაჩვევას დაგიტოვებდი,შინ დაბრუნებას,გახუნებულ გაფერმკრთალებას. წამოვიღებდი ჩემთვის"დილა მშვიდობისას" "ნამი ნებისას". იმ ძაფის გორგალს ავახვევდი,შენამდე რომ მოვყავდი ჩემო. აქამდე ბოლო არ უჩანდა. და უთბილესი ბალიშებიდან შენი თითების,წამოვიღებდი დარჩენილ სითბოს. დაგიტოვებდი სუნთქვას ჩემსას. ხელი არ მახლო... თორემ დავრჩები საუკუნოდ და მისხალ-მისხალ შემოვიძარცვავ ჩემივე ვნებას, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვკვდები შენში, ფოთოლ-ფოთოლ დაგეკარგები, რომ პირველ თოვლზე ფანტელებად დაგიბრუნდე, თვალის კუთხესთან,საფეთქელთან,იმ ძარღვთან,ემოციადაცლილს რომ გიჩნდება შუბლზე. ხელი არ მახლო... რათა გავყვე პირველ სხივს დილის... ლილისფერ ივლისსს.
Posted by
Asklypiodota
at
7:54 AM
3
comments
აქედან ვერ გაგათბობ
Tuesday, November 15, 2011
რაც შენ დაგაბრუნე სახლში,მას შემდეგ...
აღარ ვიპარავ წამებს,წუთებს,საათებს,
აღარ მიცემს გული მარჯვნივ და აღარც მარტორქების ხმა მესმის,ისე ფეხაკრეფით გაიპარნენ ვერც კი შევნიშნე.
აღარც საკუთარ თავს ვუღიმი ვიტრინებში და აღარც ლუდს ვსვამ...
რაც საკუთარ თავთან დაგაბრუნე,ვხარშავ მურაბებს,
აღარ ვწერ და ისევ განვიცდი...
ტყემალი მლაშე გამომივიდა,ბევრი ვიტირე,ალბათ მაგიტომ...
გამოვიტირე ყველა შენი შეხება,კოცნა,ჩახუტება,
გამოვიტირე ის ერთადერთი დილა,ერთად რომ არ გვქონია.
მე აღარ ვითვლი სახლებს შენამდე...დაუკითხავად წამოვიღე შენი გულის,ჩემი ნაწილი და სულ თან დამაქვს.
რაც დაგაბრუნე,მას მერე მივხვდი ჩემო რისთვის დაგიმსახურე,რისთვის გიპოვე,ჩემად მიგიღე და სამუდამოდ დაგიტოვე.
Posted by
Asklypiodota
at
12:54 PM
4
comments
ავაჰმეე ჩემო...
Sunday, July 31, 2011
დღეს პირველად არ მიხარია ეს დღე,გუშინ არ გამეხარდა გაზაფხული,ხვალ...ხვალ ტოვლი არ გამეხარდება.
აუუ რა ძნელი ყოფილა წერა,როცა გტკივა გაუსაძლისად.
ავაჰმეე ჩემო...
იშვიათად ვტირი,როცა მხოლოდ მე და შენ ვართ მხოლოდ მაშინ.
მეგონა ირგვლივ ყველაფერი განაცრისფრდა,მაპატიე რომ ისევ ვხედავ ფერებს დროდადრო.
ისიც მეგონა,აწი მე რაღა შემაშინებსთქო და მეშინია მაინც ჩემო...
არ გეძებ არსად,სულ ჩემთან ხარ,მარჯვენა მხარეს გულთან-გახსოვს?მხოლოდ,როდესაც იმ ხეს ჩავუვლი,სადაც ასე ხშირად მხვდებოდი თვალის უპეებიდან გადმოდიხარ,მერე მეშინია სულ არ დამეღვარო და ვიღიმი.
როცა იმ ფერის სამოსი მეცვა,რომელიც ასე მძულდა ყოველთვის,ვნატრობდი გულში,არ მენახა ნაცნობი სახე,რადგან კითხვაზე-ხო მშვიდობაა?ვერ ვპასუხობდი,რომ აღარ მყავს ჩემი სისხლი და ხორცი,ჩემი დარდი და სიხარული,ჩემი ნაწილი...და ვიღიმოდი ვითომც არაფერია,ვიტყუებოდი-ისე უბრალოდ...
დარდი გახდა უზარმაზარი და მეჩვენება რომ მაინც მსუბუქ ტვირთად დამაქვს,მაპატიე...
მეჩვენება,რომ დედა ჩვენი უფრო მეტად მეფერება,ან ასეც არის.გენაცვალოს შენი დედაო-მეუბნება და მრცხვენია,რომ...თითქოს შენს ნაწილ სითბოს ვიპარავ...
არ ვარ ძლიერი,შენ ხომ იცი,სუსტი ვარ და...იყავი ჩემთან.
მეშინია ოდესმე არ დამავიწყდეს შენი ნათქვამი თუნდაც ერთი სიტყვა და ვიმეორებ გაუთავებლად ყველაფერს რაც კი მახსენდება...
არსად არ გეძებ,შენ ჩემთან ხარ,რატომ მოგძებნო?შენ როგორ უნდა დამეკარგე.
მაპატიე,რომ დამენანე უფრო კარგი ყოფისთვის ჩემო.
გპირდები ერთხელ გამახარებს მეზობლის თეთრად გადაბარდნილი სახურავის კუთხე,ჩემი ფანჯრიდან რომ ჩანს...
ახლა კი...
ახლა?
ავაჰმეეე ჩემო...
Posted by
Asklypiodota
at
1:05 PM
6
comments
მე ვხედავ მზეს
Tuesday, January 25, 2011
ქუჩის ბოლოდან ფეხს ვუჩქარებ,ყველაფერი ირგვლივ ღიმილიანი მოგონებაა,ჩემი თბილი კედლები გამოჩნდა,სახურავი,ყოველ ჯერზე ისე მიცემს კართან გული,თითქოს საუკუნეა არ შევსულვარ.
ყოველთვის როცა გულში მიკრავს და მეფერება,თვალები ცრემლით მევსება,მუდმივად მენატრება.
ყველა კარადას და ყველა უჯრას სათითაოდ ვაღებ და პატარა ბავშვივით მიხარია თუ რაიმე ახალს ვპოულობ:)ოთახიდან ოტახში დამყვება და ეცინება,-ყოველ მოსვლაზე ახალი რა უნდა დაგხვდესო.
ჩემი პირველი სტიპენდიით ნაყიდი ჩაის ტილო,ისევ ხელუხლებელი:)
სიმშვიდე....და სიმყუდროვე.
ყველა სიცელქის,განცდის,ბავშვობის სუნი აქვს ამ კედლებს...
ძალიან ლამაზია...ობიექტურად ლამაზი:)
ბოლო ხუთი წელია არ მახსოვს რამდენი წლისაა.
ყველა ახალ ნაოჭზე გული მეკუმშება.
მინდა ცოტათი მაინც ვგავდე.
არა მარტო დღეს,ეს მზე სულ მათბობს,მას შემდეგ რაც ამ ქვეყანას მომავლინა:)
Posted by
Asklypiodota
at
1:00 PM
5
comments
მე ვხედავ მზეს
Thursday, January 20, 2011
ალბათ ყველა თქვენგანს ჰყავს მეგობარი,რომელიც შორს არის,გენატრებათ და ვერ ნახულობთ თვეობით,წლობით.მე ესპანეთში მყავს მეგობარი,ექვსი წელია არ მინახავს:(ცოლი მოიყვანა,მალე მამა გახდება,ვირტუალური კონტაქტი ვერ ავსებს სიცარიელეს,თუმც როცა ხმა მესმის ბედნიერი ვარ,ვიცი აუცილებლად დაბრუნდება,დღეს მზე ბარსელონიდან ანათებდა:)
Posted by
Asklypiodota
at
4:27 AM
4
comments
მე ვხედავ მზეს
Sunday, January 16, 2011
მეგობრების უზარმაზარი წრე ასაკის მატებასთან ერთად ვიწროვდება,მერე კი ახალი მეგობრების შეძენა რთულდება და ვცდილობთ მოვუფრთხილდეთ მათ,ვინც გვერდით გვყავს.ჩემს შემთხვევაში ცოტანი არ არიან,მაგრამ არც იმდენია ხელის თითები არ მეყოს ჩამოსათვლელად:)
ის კი ყველაზე ყველაზეა,პირველად მას შევჩივი და მასვე ვახარებ,ხმა რომ არ ამოვიღო(ანუ ცარიელი მესიჯი რომ გავუგზავნო:))მაინც ხვდება რისი თქმა მინდა,სულ ვფიქრობ-რით დავიმსახურე?დილით მომწერა-ხომ არ გაიგუდეო:)(ასე ამბობს,როცა დიდხანს სძინავს)ცოტა უცნაურია,მაგრამ ეს ფრაზა ისე მახალისებს:)მზესთან ერთად მოვიდა დღეს და დადებითი ენერგიით ამავსო.თუ წაიკითხავს ამ ჩემს მონოლოგს:)ვეტყვი,რომ მიყვარს ცამდე და მენატრება დევის ხელაზე:)
Posted by
Asklypiodota
at
10:38 AM
7
comments
მე ვხედავ მზეს
Saturday, January 15, 2011
ჩემი შვილი ცოტა უცნაური ვინმეა,როგორ გგონიათ ბევრ ბავშვს უყვარს სტომატოლოგი?სალი კი უმიზეზოდაც თანახმაა მასთან ვიზიტზე:)ასევე უცნაურად მეჩვენება ბალეტი რომ უყვარს,არა იმიტომ,რომ რამე საწინააღმდეგო მაქვს ხელოვნების მაგ დარგთან,პირიქით,მაგრამ თოჯინების თეატრში ასეთი აღფრთოვანებით არ დადის:)თოვლის ბაბუამ გაითვალისწინა სალის სურვილი და ბილეთები დაგვიტოვა ბუხარში:)დღეს მე და სალი საზეიმო განწყობით წავედით "მაკნატუნა"_ზე,ვისაც გინახავთ ეს ბალეტი დამეთანხმებით ულამაზესი დადგმაა,ლამაზი კოსტუმებით,საშობაო განწყობით.რადგან ოპერაში სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს,წარმოდგენები დროებით ნახალოვკაში იმართება,ახალი შენობაა,დარბაზიც კომფორტულია.
დღეს დადებითი ემოცია ჩემი შვილის სახეზე ბედნიერმა გამომეტყველებამ გამოიწვია.
მზე დღეს ჩემთვის "მაკნატუნამ"ამოიყვანა:)
Posted by
Asklypiodota
at
10:42 AM
9
comments
მე ვხედავ მზეს
Friday, January 14, 2011
ჩვენთან სახლში ხშირად მოდის ერთი გოგო,პატარა მეგობარია,სულ, სულ პაწია მახსოვს,ხუჭუჭი თმით და თვალებში უამრავი მოციმციმე ვარსკვლავით,და ძალიან ბევრს ლაპარაკობდა.ჩემს თვალწინ გაიზარდა და..ყოველთვის ისე არ ხდება ცხოვრებაში,როგორც გვსურს.მაპატიეთ თემას ცოტათი უნდა გადავუხვიო,მინდა გაგაცნოთ ის ადამიანი ვინც ჩემზე დადებითად მოქმედებს ყოველთვის.რიგი მიზეზების გამო ახლა მარტოს უწევს გაუმკლავდეს სირთულეებს,მიხედოს უმცროს დებს და ძმას,არა მიხედოს კი არა,იმაზე გაცილებით მეტს აკეთებს ვიდრე უამრავი ზრდასრული ადამიანი ჩემს ირგვლივ .მისით აღფრთოვანებული ვარ,ჩემი გმირია,ამ ყველაფერთან ერთად კარგად სწავლობს,არც კი ვიცი როგორ ახერხებს.დილით ვნახე,მზრუნველი-როგორ ხარ?-მკითხა.ნუციკო 15 წლისაა და დღეს ჩემი "მზე"-ა.
დღეს ერთი გმირობაც ჩავიდინე:)ჩვენთან ქუჩაზე ერთი უპატრონო ძაღლი ცხოვრობს,დიდია და მრისხანე,მეშინიააა,მგონი გრძნობს და როგორც კი ქუჩაში გავდივარ კართან მხვდება,დღეს გადავწყვიტე არ შევპუებოდი და ისე ახლოს ჩავუარე გვერდით,სუნთქვაც კი ვიგრძენი,ამ სუნთქვამ გამათბო,საკუთარი სიმამაცით აღფრთოვანებულმა გავნაგრძე გზა.
ჩემს ძმას ვესაუბრე ტელეფონით,დიდი ხანია არ მინახავს:(ეს უფრო სევდანარევი მონატრება იყო,მაგრამ ემოცია?დადებითი,თბილი და შოკოლადი:)
Posted by
Asklypiodota
at
10:39 AM
4
comments
მე ვხედავ მზეს
Thursday, January 13, 2011
არ მინდოდა ბანალური "გამარჯობით"დამეწყო,მაგრამ სხვა შესატყვისი ვერ ვიპოვე.მგონი პირველად ვწერ ასე,როგორც ჩემი ქმარი ამბობს"ყველასთვის გასაგებ ენაზე":)
გამარჯობათ კარგო ადამიანებო,ზოგს პირადად გიცნობთ,ზოგს ვირტუალურად,რამოდენიმე ახლა აღმოგაჩინეთ,რაც ძალიან მახარებს.
დილით თვალი გავახილე თუ არა,გამახსენდით და კარგი განწყობაც მოგყვათ,მზეს გუშინაც ვხედავდი,დღეს კი მახარებდა,გავიფიქრე რთული იქნებათქო ყოველ დღე დადებითი ემოციების შეგროვება,მაგრამ ფიქრი ვინ გაცალა:)სალიმ მთხოვა ცოტა ხნით შენთან გადმოვძვრებიო:)დღეს ჩემი " მზე" სალია,ჩემი შვილი,რომელიც შვიდი წლისაა და ასაკის შეუსაბამო კითხვებს მისვამს ხშირად:)გულში ჩავიკარი,ეს არის ყველაზე დიდი ემოცია,ყველაზე მაგარი შეგრძნება,როცა სუნთქვა მეკვრის...
თუ ჩემი პოსტები ემგვანება ლუმიერების ფილმებს,ანიმ გაზეთს, სადაც არც ერთი ილუსტრაცია არ არის,მაპატიეთ,ეს მხოლოდ იმის ბრალია,რომ მე და კომპიუტერი ვერ ვძოვთ ერთად(მსუბუქად რომ ვთქვათ)გულით რომ მინდოდეს რამის დადება,თუნდაც ფოტოსი,სავარაუდოდ ვერ მოვახერხებ ან რამოდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ბლოგის ძებნა მომიწევს:)თუ არ დაგეზარათ იხილეთ ჩემი ძველი პოსტი "ტ-ს შემდეგ" და ყველაფერი ნათელი გახდება,პოსტი კი ძველია,მაგრამ მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა:)უბრალოდ რამოდენიმე გაუგებრობა კიდევ შემემთხვა:(ჰოდა წინასაახალწლო გამწყობისთვის გთავაზობთ ჩემს"გაუგებრობებს".
ახალ წელს თოვლის ბაბუამ ერთ-ერთ საჩუქრად კომპიუტერისთვის ყურსასმენები მომიტანა,მისივე აზრით ძალზედ კომფორტული,გამეხარდა, რადგან ღამე როცა კომპიუტერისთვის ვიცლი და ფილმის ნახვას ვცდილობ,ოჯახის წევრებს ვუფრთხილდები,ამიტომ მსახიობთა გამომეტყველებით და ჟესტების ენით ვხვდები ფილმის არსს:)ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა,რადგან როცა ვცადე მომერგო ყურსასმენი,აღმოჩნდა რომ პატარაა და არც გასაგიდებელი აქვს,ორიოდ წუთის შემდეგ შემთხვევით კეფაზე ჩამოცურდა და ევრიკააა:)გამიმართლა რომ კომპიუტერს მხოლოდ ორი ადგილი აღმოაჩნდა,სადაც შემეძლო მომერგო ყურსასმენი,სამაგიეროდ გატანჯული სახით ვუყურე ფილმს მანამ,სანამ ჩემმა ქმარმა არ მკითხა,უკუღმა რატომ გიკეთიაო:) ისე ყოველ დღე შემეძლო მეწერა პოსტები თემაზე"მე და ტექნიკა":)
მართალია 13 იანვარს ვერ აღვიქვავ ისე როგორც 31 დეკემბერს,მაგრამ დღეს მეგობართან ვხვდებით და განწყობაც კარგია.
სულმოუთქმელად ველოდები თქვენს პოსტებს.
ვიღიმი...
დადებითად დავიმუხტე ...
მადლობა TOMA
Posted by
Asklypiodota
at
5:55 AM
6
comments
მხარზე მაზის უკოპლებო ჭიამაია
Wednesday, November 17, 2010
ძირისძირობამდე და საგულდაგულოდ ასჯერ გადამოწმებულ-გადაქექილი სხეულის გამომზეურება სარკის წინ,ყველა გადადგმული ნაბიჯი გაახლოვებს და გაშორებს,ქალაქის ხმაური უკან რჩება,ვითომდა დაუდევრად აკეცილი თმის ზურგით გრძნობ დუჟმორეულ მზერას,ვერ მიხვდა მზერა,რატომ გაუღიმე ამოსვლისას,ქუჩაში ალბათ არავინ უღიმის ამ შეკრულ შუბლსო,იფიქრე და გაუღიმე,დღეს ემოციაკეთილი ხარ.გულუხვად ფანტავ შეგრძნებების ნარჩენებს,ცოტაღა დარჩა,რამოდენიმე წუთი ახალ გადავსებამდე.ხელისგულებით გრძნობ უკვე,ყლუპ-ყლუპად ჩადის სითბო სხეულში,თითის წვერებზე იწევი და ცას წვდები ხელით,ამ შეგრძნებაში კიდით-კიდემდე იძირები და შენი მოთვინიერებული სხეული ნაცნობ მკლავებს ჯერ ისევ მორცხვად მიჰყვება მთებში,უდაბნოებში,ტყეებში,უცნობ მხარეებში...თაფლისფერი თვალები ჩამოლღვება მხრებზე,მკერდზე,თეძოებზე,ბაგეები გოჯებად ითვისებს სხეულს,რომლის სიმხურვალემ ზეწარს ფერები გადააცალა...
სად ხარ?
ყველგან.
ჩემშიც?
ყოველ ღამე არა...
კვირაი ორჯერ,მე მაძინებენ შენი თბილი ხელისგულები.
Posted by
Asklypiodota
at
11:01 AM
5
comments
სადაც კაკაბია, იქაა გიურზაც
Monday, November 1, 2010
ყავას ვგევარ, ბევრი შაქარი რომ ჩაყარეს, მაგრამ მოსარევია და ფსკერზეა დალექილი, შენი აღზრდა რომ არ გაძლევს უფლებას, არ დალიო და მხოლოდ ბოლოს ამჩნევ დალექილ სიტკბოს.
ზაფხულის კაშკაშა, ზოგისთვის შემაწუხებელ, მწველ ამინდს ვგევარ, უცაბედად თქეში წვიმა რომ წამოვა და თავში-აზრად-არ-მომსვლია-ქოლგის-წამოღება ადამიანებს ხასიათს კი არადა, ბრენდს რომ უფუჭებს. ზეთისხილს ვგევარ, ცოტას უყვარს, მაგრამ ერთგულად...
ნერვების მომშლელად უზადოდ გასწორებულ ლოგინს ვგევარ.
იმ ტყვიას ვგევარ, საკუთარი თავისთვის რომ აქვთ შემონახული.
ყველა ფერი ვარ ერთმანეთში გადაზელილი.
თემშარა ვარ, არცერთ გზას რომ არ უერთდება.
ცისარტყელას ასარეკლი გუბე ვარ.
ალაგ-ალაგ ჩამოშლილი საცალფეხო ბილიკი ვარ, მაპატიეთ, ფეხი თუ დაგიცდათ.
Posted by
Asklypiodota
at
6:09 AM
4
comments
ისევე,როგორც უმწვანობა
Saturday, October 16, 2010
ისევ გაავდრდა და მე ვერ ვხვდები, მიყვარს თუ მძულს ეს წვიმის წვეთები.
ფეხს ავუჩქარე,გამიცივდები,ქოლგა არ გაქვს როგორც ყოველთვის. არც აპირებდი წამოსვლას, ძალით წამოგიყვანე.არ გიყვარს ფეხით სიარული,მებუზღუნები.მე ხომ შენ არც კი გეკითხები,აი ასე დამყავხარ ყველგან,სადაც დავდივარ.
როგორც ყოველთვის ჩუმად იჯექი,შენი იქ ყოფნა მგონი ვერც კი შენიშნეს,ისე თამამად საუბრობდნენ მორიგ ვიზიტზე გინეკოლოგთან.შენსკენ დროდადრო თვალს ვაპარებდი ჩუმად,იღიმი,ვიცი მერე ბევრს იცინებ მათ შეშფოთებულ სახეებზე.
თავის ტკივილს ვიმიზეზებ და მოვდივართ,ქუჩაში ვიღაცამ ისე ახლოს ჩამიარა,თითქოს ვერც კი შეგამჩნია,ცოტა ფერმკრთალი კი ჩანდი იმ საღამოს.
უკვე მეასედ გპირდები,რომ გაგიშვებ მალე და უშენობას დავარქმევ სევდას,არა,ალბათ დავარქმევ წუხილს,ან დარს უმზეოდ,არააა,უშენობა არაფერს ჰგავს.
უშენობა შენი სახლში დაბრუნებაა.
Posted by
Asklypiodota
at
1:36 PM
3
comments
Thursday, September 30, 2010
მე მაიძულებს ქუჩების წყობა
შენთან მოვიდე.
შენ იტყვი-კარგი რა გაეწყობა,
და მხრებს მოვიტან
შენი ღამისთვის.
მე მაიძულებს ამ მხრების ტვირთი
შენგან წავიდე.
შენ იტყვი-კარგი.
მე კი რას ვიტყვი,
მინდა წამით,რომ მიწა გამისკდეს.
რატი ამაღლობელი
Posted by
Asklypiodota
at
10:40 PM
1 comments
ჩაგადდნდი გულში
Friday, August 20, 2010
მივდივარ...
ჩემი მთები მინდა...
ცრემლებს საკუთარი კალთებით მიმშრალებენ,არაფერს მეკითხებიან და გულს ბაგაბუგი რომ გაუდის,ნისლს იხვევენ,მეც იმ რძისფერ ნისლში ვიკარგები,ჩმს უპეთ მლაშე ტკივილი გადაარღვევს,კლდენიც კი,ასეთი უშიშარნი რომ მეგონნენ,ამიტირდებიან,ქარაფს ჩამოშლიან.
დღეს არც ჩემი თერგი არ ღრიალებს,შენი დარდები გამატანეო ჩუმად მეუბნება.
ბედნიერება ქაბარჯინადან ამომავალი მზის ფერია თურმე თერგო,მწუხარება კი იმ ვარსკვლავს ჰგავს ყველაზე მკვეთრად რომ ანათებს მილიონობით სხვა ვარსკვლავს შორის,ყველა თავისად რომ იჩემებს.დარდი კი თერგო,დარდი იმ შარშანდელი თოვლის ფერია,მთის ნაპრალებში თავს მშვიდად რომ გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს ახალ თოვლამდე.სინანული კი შენ გგავს თერგო,მღვრიეა და აქაფებული,აქეთ-იქით აწყდება სანამ გზას არ იპოვის,თან მიაქვს ლოდები უზარმაზარი,კენჭები შენთან რა მოსატანია.არ მკითხო თერგო სიყვარული რა ფერია,უჩემოდ იცი...
შენ კი ყველაზე ჩემიანი ხარ.
Posted by
Asklypiodota
at
4:09 PM
2
comments
კამარა რომ შევკრა და გავფრინდე?
Tuesday, July 13, 2010
კედლები შეუღებავთ ვარდისფრად,არ მიყვარს ეს ფერი_ნეტავ მანამდე რა ფერი იყო?
კარადა გამოაღო,სულელური ჩვევაა,მაგრამ მგონია ერთხელაც შიგნით გვამი დამხვდება-ო.ვიცი არ არის ნორმალური,ეს რომც ვუთხრა,გაიღიმებს და თავს გაიქნევს,თვალებში ნაპერწკლები აენთება.ვეებერთელა ფანჯრები მოსწონს,აქ კი ერთი პაწაწინა სარკმელია,მერე რა მოხდა,სამაგიეროდ ბაღი ჩანს აქედანო,სკამზე აფორთხდა და ძლივს გადახედა ვიღაცის გავერანებულ ეზოს.ხელები გაშალე და გადმოვხტებიო,პატარა ბავშვივით არის ხანდახან,გულში ჩავიკარი,ისე უცემდა გული შემეშინდა,ერთხელაც ვეღარ მოვისმენ ამ მხოლოდ ჩემთვის გულისცემას.იმ დღეს უჩვეულოდ ჩუმად იყო,ცოლად მომიყვანდიო?-მკითხა
გავჩუმდი,ვერ მოვატყუებდი,მაინც მიხვდებოდა...გაეცინა,ჩუმი სიცილი იცოდა ხმამაღალი სევდით.
ერთხელ ვუთხარი-არ მიყვარხართქო,ვიციო-მიპასუხა,ვატკინე,მაგრამ მეშინოდა მისი უსზღვრო გრძნობის.
მე მასთან დაძინება მინდოდა...
მინდოდა ტყეში წამეყვანა...
მინდოდა ზღაპრები წამეკითხა მისთვის...
ის შეშლილი იყო...
ჩემი შეშლილი...
არასოდეს მითქვამს მისთვის როგორ მიყვარდა...
ეს ისედაც იცოდა.
Posted by
Asklypiodota
at
6:41 AM
7
comments
გაზაფხულზე ხვავრიელად მათოვს,ზამთარში კი ნუშის ყვავილს ვხედავ
Monday, April 19, 2010
იყავი ჩემთან,თუ გინდა-ო და...შეამჩნია სუროს ახალი ხასხასა ფოთლები ამოსვლია,მეზობლის ბავშვი ჩაიკრა გულში,რამხელა გაზრდილხარო.იმ დღეს ქუჩაში ყველას უღიმოდა,სარკეში ნაცნობი თვალები შეეფეთა,დაბრუნებას გილოცავო,გაუღიმა.არც ფიქრობდა,არც აანალიზებდა,სად ეცალა ეგეთი წვრილმანებისთვის,”დილა მშვიდობის”დაიბრუნა..
დაბრუნდა...
თითქოს არც წასულა,არადა ეს ყველაზე ხანგრძლივი წასვლა იყო..
არაფერი შეცვლილაო აქ...
ივსებოდა მისი თვალებით...
ემოციები გახდა საერთო.
როგორ ვიტევო ამდენ სითბოს,თურმე რა ცარიელი ვყოფილვარო უშენოდ,არა,არ უთქვამს,მთავარს სიტყვებით არასოდეს ამბობდა.სუნამო გაახსენდა,უჯრაში რომ ედო და მხოლოდ მაშინ ისხამდა,ისიც სულ ოდნავ,როცა უსაშველოდ ენატრებოდა,მერე დღეები ცოცხლდებოდნენ ზუსტი თანმიმდევრობით,არასოდეს არევია.მისი სუნი ასდიოდა,მისი და იმ დღის წვიმის.წვიმა მევასება და შენც მევასებიო-გემრიელად თქმა იცოდა,ერთ სიტყვაში ჩატევდა იმას,რასაც მარკესში ეძებდა,კლიმტში,ბრეგოვიჩში...
არც გაუცხოვდნენ და არც რა...
ტყუილად შიშობდა ვაითუ-ო...
მე მეშინია რამე არ გატკინო,
უხეშად არ შევეხო შენს სულს,
ზოგჯერ შეიძლება ვერც კი დაამთავრო,
თვითონ თუ არ იცი რა გსურს...
Posted by
Asklypiodota
at
4:03 PM
2
comments
ოფოფი,რომელიც კოდალა მეგონა
Tuesday, March 9, 2010
თუ არასოდეს...
გადაყლაპული სპილო ქუდში არ აგრევია,
ცაზე კვლავ ეძებ ვარსკვლავს,
რომელიც მხოლოდ შენია,
და იცი...
პირდაპირ თუ ივლი შორს წახვალ.
დაგყვება სუნი,რომელმაც გადარია შენი მელია
და ბაობაბიც არ გახსენებს შენი ფანჯრის წინ მდგომ ცხენისწაბლას,
ესე იგი,ჯერ კიდევ ხვდები,იმას
რასაც უფროსები ვერ მიხვდებიან.
უკმარობის ნიაღვარი მაქვს
Posted by
Asklypiodota
at
1:02 PM
4
comments
ფეხსაცმელი გაიხადა და მთხოვა:სადმე წამიყვანე,სადაც მშვიდად დავიძინებო
Monday, February 22, 2010
მალაიზიის მთებში ინკების ნაქალაქარი იცი?
ყველაზე მაღალ მთაზე ავიდოდი,მუხლებზე დაგისვამდი,ხელებს მხრებზე მოგხვევდი და მკერდში ჩაგიკრავდი,თვალებს დაგიკოცნიდი,საფეთქელზე გაკოცებდი,ძარღვი რომ გიფეთქავს იქ,როცა რამეს ემოციურად აღიქვამ,მაშინ ჩნდება ეგ ძარღვი...
შენს გულისცემას მოვისმენდი მეათასეჯერ და ისევ არ მომბეზრდებოდა...
შენ ზღაპარს მომიყვებოდი,რაიმე უჩვეულოს,ნაღვლიანს და არაფრის დიდებით არ გამოტყდებოდი,რომ ჩემთვის მოიგონე იმ წუთას...
უკიდეგანო ცა გამაკვირვებდა,შენ არ...მაშინ წვდები ცას,როცა მოგესურვება...მე მეშინია თითის წვერებზე ავიწიო...
შენი მხრის მიღმა ჩამავალ მზეს დავინახავდი,მე ხომ ჯერაც ვერ ვისწავლე,როგორ ვნახო მზის ჩასვლა მაშინ,როცა მოვისურვებ...
შენ ფიქრობ,რომ უგუნური რისკის ხიბლი მიტაცებს,ის რაღაა,მთაზე ასვლისას უფსკრულში გადაჩეხვის უსაზღვრო სურვილი მიჩნდებაო,რომ ამბობ...
მაპატიე,რომ მარტორქების არსებობა ვერ დავიჯერე...
იმიტომ ვერ ხედავ,მე ვაფრთხობო,მეუბნებოდი...
მშვიდად ვარ შენთანო და მე ირგვლივ სულიერი,რომ არ ჭაჭანებდა იმას ვაბრალებდი...
სიგარეტის მავნებლობაზე ბევრს გესაუბრებოდი და არასოდეს მითქვამს,როგორ მომცონდა როცა ეწეოდი.
წვიმდა გარეთ,უცნობი კედლები შენით თბებოდა,ციოდა,ადმინისტრატორმა მომატყუა და გამათბობელსაც ვერაფერი გავუგე,იღიმოდი,ასეთ წვრილმანებზე არასოდეს გეშლებოდა ნერვები.ფანჯარასთან იდექი და ბავშვივით გიხაროდა წვიმა,მინის შიგნიდან წვეთებს თითს აყოლებდი...
პირველად ვიყავი ასე ახლოს შენთან,სუნთქვა მეკვროდა,ვიჯექი სვარძელში და განძრევას ვერ ვბედავდი,შენ ლაპარაკობდი ,ბევრს და ყველაფერზე,ვცდილობდი ისეთი სახე მიმეღო,თითქოს ძალიან მაინტერესებდა შენი მეგობრის ყოფილი შეყვარებული რომ დაინახე ამას წინათ ხელიხელგადახვეული უცხო გოგოსთან.
მეშინოდა ...
შენი...
საკუთარი თავის...
მოტრიალდი და ისე ნელა წამოხვედი,ერთი თამაში გამახსენდა,ათი პატარა ჭიანჭველა წინო,რომ ვამბობდით...შენ გემსგავსებოდი...
მოხვედი და უცერემონიოდ ჩამიჯექი კალთაში...
ხელისგულები ყველაზე მგრძნობიარე ადგილად იქცა სხეულში...
შემთხვევით უთო თუ არ წამოგიღია,კაბას ნუ დამიკუჭავო...
ხელში აგიყვანე და მივხვდი,უკანმოუხედავად უნდა გავქცეულიყავი შენგან,მიმეტოვებინე უნდა იმ უცხო კედლებში,უცხო ქალაქში და აღარასოდეს გამეხსენებინა შენი სხეულის სიმსუბუქე...
მაშინ არ ვიცოდი,რომ შენი ვეებერთელა სიყვარული შემაშინებდა...
რომ შეუძლებელი იქნებოდა მუჭისხელა გულში შენი დატევა...
ზღაპრები მაჩუქეო მთხოვე...
ვერ გავიმეტე...
წამიყვანე სადმე,სადაც მშვიდად დავიძინებ.
Posted by
Asklypiodota
at
1:58 PM
7
comments
მადლობ ჯო:)
Sunday, January 31, 2010
ჩემს პოსტებს გადავხედე და იმდენი მიტირიააა...ასე გაგრძელება არ შეიძლებააა.
ჩემმა მეგობარმა მითხრა:ცუდად როცა ვარ განვლილი ცხოვრების სასიამოვნო ეპიზოდებს ვიხსენებ,და ვხვდები,რომ წინ კიდევ უკეთესი მელოდება-ო.
უამრავი მიზეზი მაქვს კარგად ყოფნისთვის .
გაბომ თქვა,ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული-ო,დაეჯერება მაგ ადამიანს:)
დღეს...
Posted by
Asklypiodota
at
10:37 PM
1 comments