აქედან ვერ გაგათბობ

Tuesday, November 15, 2011

რაც შენ დაგაბრუნე სახლში,მას შემდეგ...
აღარ ვიპარავ წამებს,წუთებს,საათებს,
აღარ მიცემს გული მარჯვნივ და აღარც მარტორქების ხმა მესმის,ისე ფეხაკრეფით გაიპარნენ ვერც კი შევნიშნე.
აღარც საკუთარ თავს ვუღიმი ვიტრინებში და აღარც ლუდს ვსვამ...
რაც საკუთარ თავთან დაგაბრუნე,ვხარშავ მურაბებს,
აღარ ვწერ და ისევ განვიცდი...
ტყემალი მლაშე გამომივიდა,ბევრი ვიტირე,ალბათ მაგიტომ...
გამოვიტირე ყველა შენი შეხება,კოცნა,ჩახუტება,
გამოვიტირე ის ერთადერთი დილა,ერთად რომ არ გვქონია.
მე აღარ ვითვლი სახლებს შენამდე...დაუკითხავად წამოვიღე შენი გულის,ჩემი ნაწილი და სულ თან დამაქვს.
რაც დაგაბრუნე,მას მერე მივხვდი ჩემო რისთვის დაგიმსახურე,რისთვის გიპოვე,ჩემად მიგიღე და სამუდამოდ დაგიტოვე.

ავაჰმეე ჩემო...

Sunday, July 31, 2011

დღეს პირველად არ მიხარია ეს დღე,გუშინ არ გამეხარდა გაზაფხული,ხვალ...ხვალ ტოვლი არ გამეხარდება.
აუუ რა ძნელი ყოფილა წერა,როცა გტკივა გაუსაძლისად.
ავაჰმეე ჩემო...
იშვიათად ვტირი,როცა მხოლოდ მე და შენ ვართ მხოლოდ მაშინ.
მეგონა ირგვლივ ყველაფერი განაცრისფრდა,მაპატიე რომ ისევ ვხედავ ფერებს დროდადრო.
ისიც მეგონა,აწი მე რაღა შემაშინებსთქო და მეშინია მაინც ჩემო...
არ გეძებ არსად,სულ ჩემთან ხარ,მარჯვენა მხარეს გულთან-გახსოვს?მხოლოდ,როდესაც იმ ხეს ჩავუვლი,სადაც ასე ხშირად მხვდებოდი თვალის უპეებიდან გადმოდიხარ,მერე მეშინია სულ არ დამეღვარო და ვიღიმი.
როცა იმ ფერის სამოსი მეცვა,რომელიც ასე მძულდა ყოველთვის,ვნატრობდი გულში,არ მენახა ნაცნობი სახე,რადგან კითხვაზე-ხო მშვიდობაა?ვერ ვპასუხობდი,რომ აღარ მყავს ჩემი სისხლი და ხორცი,ჩემი დარდი და სიხარული,ჩემი ნაწილი...და ვიღიმოდი ვითომც არაფერია,ვიტყუებოდი-ისე უბრალოდ...
დარდი გახდა უზარმაზარი და მეჩვენება რომ მაინც მსუბუქ ტვირთად დამაქვს,მაპატიე...
მეჩვენება,რომ დედა ჩვენი უფრო მეტად მეფერება,ან ასეც არის.გენაცვალოს შენი დედაო-მეუბნება და მრცხვენია,რომ...თითქოს შენს ნაწილ სითბოს ვიპარავ...
არ ვარ ძლიერი,შენ ხომ იცი,სუსტი ვარ და...იყავი ჩემთან.
მეშინია ოდესმე არ დამავიწყდეს შენი ნათქვამი თუნდაც ერთი სიტყვა და ვიმეორებ გაუთავებლად ყველაფერს რაც კი მახსენდება...
არსად არ გეძებ,შენ ჩემთან ხარ,რატომ მოგძებნო?შენ როგორ უნდა დამეკარგე.
მაპატიე,რომ დამენანე უფრო კარგი ყოფისთვის ჩემო.
გპირდები ერთხელ გამახარებს მეზობლის თეთრად გადაბარდნილი სახურავის კუთხე,ჩემი ფანჯრიდან რომ ჩანს...
ახლა კი...
ახლა?
ავაჰმეეე ჩემო...

მე ვხედავ მზეს

Tuesday, January 25, 2011

ქუჩის ბოლოდან ფეხს ვუჩქარებ,ყველაფერი ირგვლივ ღიმილიანი მოგონებაა,ჩემი თბილი კედლები გამოჩნდა,სახურავი,ყოველ ჯერზე ისე მიცემს კართან გული,თითქოს საუკუნეა არ შევსულვარ.
ყოველთვის როცა გულში მიკრავს და მეფერება,თვალები ცრემლით მევსება,მუდმივად მენატრება.
ყველა კარადას და ყველა უჯრას სათითაოდ ვაღებ და პატარა ბავშვივით მიხარია თუ რაიმე ახალს ვპოულობ:)ოთახიდან ოტახში დამყვება და ეცინება,-ყოველ მოსვლაზე ახალი რა უნდა დაგხვდესო.
ჩემი პირველი სტიპენდიით ნაყიდი ჩაის ტილო,ისევ ხელუხლებელი:)
სიმშვიდე....და სიმყუდროვე.

ყველა სიცელქის,განცდის,ბავშვობის სუნი აქვს ამ კედლებს...
ძალიან ლამაზია...ობიექტურად ლამაზი:)
ბოლო ხუთი წელია არ მახსოვს რამდენი წლისაა.
ყველა ახალ ნაოჭზე გული მეკუმშება.
მინდა ცოტათი მაინც ვგავდე.
არა მარტო დღეს,ეს მზე სულ მათბობს,მას შემდეგ რაც ამ ქვეყანას მომავლინა:)

მე ვხედავ მზეს

Thursday, January 20, 2011

ალბათ ყველა თქვენგანს ჰყავს მეგობარი,რომელიც შორს არის,გენატრებათ და ვერ ნახულობთ თვეობით,წლობით.მე ესპანეთში მყავს მეგობარი,ექვსი წელია არ მინახავს:(ცოლი მოიყვანა,მალე მამა გახდება,ვირტუალური კონტაქტი ვერ ავსებს სიცარიელეს,თუმც როცა ხმა მესმის ბედნიერი ვარ,ვიცი აუცილებლად დაბრუნდება,დღეს მზე ბარსელონიდან ანათებდა:)

მე ვხედავ მზეს

Sunday, January 16, 2011

მეგობრების უზარმაზარი წრე ასაკის მატებასთან ერთად ვიწროვდება,მერე კი ახალი მეგობრების შეძენა რთულდება და ვცდილობთ მოვუფრთხილდეთ მათ,ვინც გვერდით გვყავს.ჩემს შემთხვევაში ცოტანი არ არიან,მაგრამ არც იმდენია ხელის თითები არ მეყოს ჩამოსათვლელად:)
ის კი ყველაზე ყველაზეა,პირველად მას შევჩივი და მასვე ვახარებ,ხმა რომ არ ამოვიღო(ანუ ცარიელი მესიჯი რომ გავუგზავნო:))მაინც ხვდება რისი თქმა მინდა,სულ ვფიქრობ-რით დავიმსახურე?დილით მომწერა-ხომ არ გაიგუდეო:)(ასე ამბობს,როცა დიდხანს სძინავს)ცოტა უცნაურია,მაგრამ ეს ფრაზა ისე მახალისებს:)მზესთან ერთად მოვიდა დღეს და დადებითი ენერგიით ამავსო.თუ წაიკითხავს ამ ჩემს მონოლოგს:)ვეტყვი,რომ მიყვარს ცამდე და მენატრება დევის ხელაზე:)

მე ვხედავ მზეს

Saturday, January 15, 2011

ჩემი შვილი ცოტა უცნაური ვინმეა,როგორ გგონიათ ბევრ ბავშვს უყვარს სტომატოლოგი?სალი კი უმიზეზოდაც თანახმაა მასთან ვიზიტზე:)ასევე უცნაურად მეჩვენება ბალეტი რომ უყვარს,არა იმიტომ,რომ რამე საწინააღმდეგო მაქვს ხელოვნების მაგ დარგთან,პირიქით,მაგრამ თოჯინების თეატრში ასეთი აღფრთოვანებით არ დადის:)თოვლის ბაბუამ გაითვალისწინა სალის სურვილი და ბილეთები დაგვიტოვა ბუხარში:)დღეს მე და სალი საზეიმო განწყობით წავედით "მაკნატუნა"_ზე,ვისაც გინახავთ ეს ბალეტი დამეთანხმებით ულამაზესი დადგმაა,ლამაზი კოსტუმებით,საშობაო განწყობით.რადგან ოპერაში სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს,წარმოდგენები დროებით ნახალოვკაში იმართება,ახალი შენობაა,დარბაზიც კომფორტულია.
დღეს დადებითი ემოცია ჩემი შვილის სახეზე ბედნიერმა გამომეტყველებამ გამოიწვია.
მზე დღეს ჩემთვის "მაკნატუნამ"ამოიყვანა:)

მე ვხედავ მზეს

Friday, January 14, 2011

ჩვენთან სახლში ხშირად მოდის ერთი გოგო,პატარა მეგობარია,სულ, სულ პაწია მახსოვს,ხუჭუჭი თმით და თვალებში უამრავი მოციმციმე ვარსკვლავით,და ძალიან ბევრს ლაპარაკობდა.ჩემს თვალწინ გაიზარდა და..ყოველთვის ისე არ ხდება ცხოვრებაში,როგორც გვსურს.მაპატიეთ თემას ცოტათი უნდა გადავუხვიო,მინდა გაგაცნოთ ის ადამიანი ვინც ჩემზე დადებითად მოქმედებს ყოველთვის.რიგი მიზეზების გამო ახლა მარტოს უწევს გაუმკლავდეს სირთულეებს,მიხედოს უმცროს დებს და ძმას,არა მიხედოს კი არა,იმაზე გაცილებით მეტს აკეთებს ვიდრე უამრავი ზრდასრული ადამიანი ჩემს ირგვლივ .მისით აღფრთოვანებული ვარ,ჩემი გმირია,ამ ყველაფერთან ერთად კარგად სწავლობს,არც კი ვიცი როგორ ახერხებს.დილით ვნახე,მზრუნველი-როგორ ხარ?-მკითხა.ნუციკო 15 წლისაა და დღეს ჩემი "მზე"-ა.
დღეს ერთი გმირობაც ჩავიდინე:)ჩვენთან ქუჩაზე ერთი უპატრონო ძაღლი ცხოვრობს,დიდია და მრისხანე,მეშინიააა,მგონი გრძნობს და როგორც კი ქუჩაში გავდივარ კართან მხვდება,დღეს გადავწყვიტე არ შევპუებოდი და ისე ახლოს ჩავუარე გვერდით,სუნთქვაც კი ვიგრძენი,ამ სუნთქვამ გამათბო,საკუთარი სიმამაცით აღფრთოვანებულმა გავნაგრძე გზა.
ჩემს ძმას ვესაუბრე ტელეფონით,დიდი ხანია არ მინახავს:(ეს უფრო სევდანარევი მონატრება იყო,მაგრამ ემოცია?დადებითი,თბილი და შოკოლადი:)