რაც ვახშმად გვქონდა, საუზმედაც ის გვაქვს

Saturday, September 12, 2009

ყოვლად ძვირფასი ჭაბუსის მიერ ანაზდად და მეყსეულად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად (ასევე, ორმაგი ამბორის საფასურად) მიმატოვა ძვირფასმა და სულზედ უტკბესმა მეუღლემ მეგობართან, რომელიც ჯერ ისევ მხოლოდ თავისი ჰგონია.
დავიწყე ჩემთვის ჩვეული ზომის და სხვისთვის თვალების გაფართოების მიზეზად ქცეულიპატარაზურგჩანთის ამოლაგება. ერთი ღამით ვრჩებოდი და, შესაბამისად, დამჭირდებოდა ისეთი ნივთები, როგორებიცაა:
პანდორას ჩანთა
1. თეთრეული, რომელიც, რა თქმა უნდა, არ დამჭირვებია და რომც დამჭირვებოდა, კარადის თაროზე მწყობრად და თანმიმდევრულად დალაგებული თეთრეულის უზარმაზარი სვეტებიდან ჩემთვისაც გამოინახებოდა რამე;
2. ჩუსტები (მერე რა, რომ მეცვა ფეხსაცმელი, რომელიც ჩუსტზე კომფორტულია და წავიღე ჩუსტი, რომელიც ფეხსაცმელს ჰგავს);
3. ღამით ჩასაცმელი მაისური, რომელიც ასევე არ დამჭირვებია. Initial Plan-ის თანახმად, დაძინებას ვინ აპირებდა, რო? (ბოლო სიტყვის მართლწერასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მიიღება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართულს გამიკრიტიკებდი, ლიკა);
4. მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე, რომელიც შავი წერტილების წარმოქმნას უშლის ხელს (არასოდეს იცი, ამ საზიზღარ წერტილებს როდის მოეპრიანებათ გამოჩენა);
5. პაწაწინა ჩანთა, სადაც პარფიუმერიის რამდენიმე ნაწარმი იყო;
6. ბამბა, რომლის გამოც სულ ტყუილად გავხდი დაცინვის ობიექტი, რამეთუ აღმოჩნდა, რომ ლაქის მოცილება ბამბის გარეშე არც სხვას შეეძლო!
7. ასევე ფრიად საჭირო, მაგრამ აქ-უხერხული-მათი-ჩამონათვალის-გაკეთება ნივთები.
რატომ ქანაობს სავარძელი... (რიტორიკული მრავალწერტილი)
არააა...
რაც იფიქრეთ, ეგ არაა...
ტუქსი თქვენ!
პირველი ბიძგი ლიკას ჩემი ფეხის გაშლა ეგონა (სად მაქვს მაგსიგრძე ფეხები?). მეორე ბიძგი ბიძგი სულაც არ იყო. ეს უფრო საქანელას ჰგავდა, ოღონდ როდესაც მიწა მოძრაობს შენს პარალელურად და არა პირიქით (არადა, წვეთი არ დაგვილევია). არ მახსოვს,  როგორ აღმოვჩნდი უჭოკოდ და საღი კოჭებით რკინის კართან, თუმცა დაბეჯითებით შემიძლია, ვთქვა, რომ იმ წუთას ჩემი ბუბკასაც შეშურდებოდა (იხ. google) .  
ყველაზე მეტად ლიკას მშვიდმა მზერამ გამაოგნა, თუმცა ამ სიმშვიდემ დიდხანს არ გასტანა. არც ის მახსოვს, როგორ გავცვალეთ მე და ლიკამ ადგილები, როგორ აღმოჩნდა ის გვერდით ჩიხში ბებიის სახლის მოსანახულებლად და მე - კომპიუტერის მიკროფონთან კივილით: სოსოოოო, გადი სახლიდან, სოსოოოო, აქ მიწისძვრააააა. განმარტებისთვის, მიკროფონის მეორე მხარეს მწყაზრად მჯდარი ბატონი ჯოზეფი განსაცდელში მეგულებოდა. მართალია, ინტერნეტი დიდ ხნის გათიშული ყოფილა, მაგრამ მე და ჩემი სინდისი შვებით დავედევნეთ ლიკას. ჩემი მეგობრის უემოციო ფონმა კივილ-წივილის და სახლის ფანჯრებიდან გისოსების მსხვრების (კრიტიკულ მომენტებში მჩვევია ხოლმე) მორალური უფლება არ მომცა და ისეთი ატუზული გავყევი უკან ლიკას, ცირას ნოდარას არ დასიზმრებია (თუ ეს ნაწილი ვერ გაიგეთ, Fuck google, ask Lika).
სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა სკვერში უცაბედად, დასათვლელად თავშეყრილი ბოხჩა-ხალათ-ქვედასაცვლიანი მეზობლების ვიშვიშის სმენა და ჩოჩქოლის ყურება. ამ სანახაობით ტკბობის შემდეგ მე და ლიკა დავუბრუნდით დისლოკაციის ადგილს (რუსის ჯარს არ გასჭირვებია ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ გორის მიმდებარე ტერიტორიიდან უკანდახევა ისე, როგორც მე იმ სარდაფში ჩასვლა გამიჭირდა). კომპიუტერის ეკრანზე ჩემი მეუღლის მიერ მოწერილი ფრაზა დაგვხვდა, რას ჭორაობთ ამისთანას, მიწა რომ იძვრაო.
სოსოს არაამქვეყნიურობაში (აბა, ყველა დედამიწელს აღელვებს მიწისძვრა, სავარაუდოდ, მიკროორგანიზმების ჩათვლით) კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ეკრანზე მის მიერ გამოგზავნილი არაერთი ანეკდოტი დაგვხვდა.
სენსორული იზოლაცია
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელი ღამის განმავლობაში ბატონი ჯოზეფი თავისი ხავერდოვანი ხმით ერთსა და იმავე სიტყვას ღიღინებდა: “Joyful, Joyful”. დილით ტერორისტული აქტის მოწყობაც კი სცადა და ღამენათევებს უდარდელი ტალღებიდან იავნანას გვასმენინა. მაგრამ ჩვენი ჩაძინება მას ხელთ არ ეწიფებოდა. ვინმეს გინახავთ შალახოს ცეკვა იავნანაზე? ლიკამ ნახა!
თვალები ბრმაა, გულით უნდა ხედავდე
იმ ღამეს ყველა ვარსკვლავი იცინოდა...

1 comments:

Lalena said...

აი საღამოც ამას ქვია :)))))))))) მიწისძვრის დროს ინსტიქტურად ფეხები ავიკიცე ჭაღი არ დამეცესთქო(მერე რა, რომ შანსი ნულია) და გრიშოლის დავუმესიჯე არ გავაღვიძოთქო. ამას ქვია რაცინალურად აზროვნება. რა არა? :)))))))))))