ტ-ს შემდეგ

Tuesday, April 14, 2009

ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ, ამ ეპოქაში არ უნდა გავჩენილიყავიო, უთქვამს მავანს, მაგრამ ჩემი შემთხვევა გაცილებით სავალალოა და დროდადრო გულისამაჩუყებლურ ღიმს იწვევს... იმ დასკვნამდე მივედი, რომ არათუ კომპიუტერულ ეპოქაში, მგონი, ბურთულიანი ავტოკალმების ეპოქაც ადრე იყო ჩემთვის. ბატის ფრთას უნდა დავჯერდე.. ამაში არავის დარწმუნება არ გამიჭირდება, თუ რამოდენიმე ჩემს მიერ აბსოლუტურად სერიოზულად დასმულ კითხვას ან არანაკლებ სერიოზული სახით ნათქვამ ფრაზას გავიხსენებ.

ძნელია ჩემი პროგრამისტი მეუღლის სახის დავიწყება, როცა მისთვის სისტემურ ბლოკზე და ჩემთვის მონიტორის გვერდით მდგარ შავ ყუთზე, შანდლები რატომ ახატია-თქო ვკითხე. ჯერ ძებნა დაიწყო ცოტა არ იყოს და, გაოცებული სახით, მერე რომ ვერ იპოვა, თითიც მოვიშველიე და... არადა, ეს usb პორტი მართლა გავს შანდალს.

ჩემი და კომპიუტერის ურთიერთობა ასე მარტივად არ დაწყებულა. თავიდან მისი დანახვა არ მინდოდა და მხოლოდ მაშინ ვეხებოდი, როცა მტვერი იყო გადასაწმენდი. გადიოდა წლები, მისი არსებობა უფრო და უფრო მიშლიდა ნერვებს, დროდადრო სკანდალების მიზეზიც ხდებოდა (მაშინ, როცა სხვა მიზეზს ვერ ვპოულობდი).

ოთხი წელი, ოთხი წელი ის ჩემთვის ისეთივე ნივთი იყო, როგორიც სკამი ან კარადა, თუმც ამ უკანასკნელთ გაცილებით მეტი დანიშნულება გააჩნდათ ჩემთვის. წელს კი რატომღაც გადავწყვიტე, მასთან ურთიერთობა თავიდან ამეწყო, წარსული უთანხმოებები დავივიწყე და გაღიმებული ვეახლე. მართალია, თავიდან საშინლად მექცეოდა, ყველა უხეში მოპყრობა გამიხსენა, როდესაც ჩემს დიდი ძალისხმევის შედეგად გახსენებულ პაროლს ვკრეფდი, მეუბნებოდა, დარწმუნებული არ ვარ კლავიატურასთან ადამიანი რომ ზისო, მაუსიც აიყოლია და თავის ჭკუაზე დაყავდა, ხან კი რაღაც ფანჯრებს მიხსნიდა - ჩემს ჯინაზე, ინგლისურენოვანს, მშვენივრად იცოდა ეგ ენა რომ არ ვიცი. ურთიერთობა ისე დაიძაბა, ერთხანს იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ დავუსვა წერტილი ამ ყველაფერს-თქო, მაგრამ კლავიატურაზე წერტილის უშედეგო ძებნის მერე ეს აზრი ვერ განვახორციელე. თან ჩემმა შელახულმა თავმოყვარეობამაც არ მომცა მაგის ნება და აგერ უკვე მეასედ ახალი შემართებით ვცადე გავრკვეულიყავი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპში.

ბეჭდვაში ივარჯიშებ, სკაიპი შექმენიო მირჩიეს. არავის უთქვამს, ეკა, მაკა, თიკა ან თუნდაც, საკუთარი სახელი გერქვასო, ჰოდა, მეც გრანდისმოჰალე დავირქვი და ერთი კვირა ამაოდ ველოდი ვინმეს გამოხმაურებას. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემდა საამაყოდ ჩემი მოქიშპის ეგ მხარე ისე ავითვისე თვით დავრჩი გაოცებული, მაგრამ რის ფასად? უამრავი ინტელექტს მოკლებული ადამიანის, რომელთაგან ზოგს კილიმანჯარო მცენარე ეგონა, გრანდისმოჰალე კი დინოზავრთა ერთ-ერთი სახეობა (აბსოლიტურმა უმრავლესობამ კი დინოზავრთა გადაშენების შესახებ ჩემგან შეიტყო).

მაინც არ მეხსნება ბილომდე და დროდადრო არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებით მანებივრებს, სწორედ ასეთი დროდადრო დღე იყო რამოდენიმე ხნის წინ, მეგობარს ვესაუბრებოდი, მან კეთილი ზრახვის ნიღაბს ამოფარებულმა ვერაგულად შემიტყუა რაღაც კომფერენციაში, სანამ გაოგნებული ვაცეცებდი მაუსს აქეთ-იქით, ჩემს კომპიუტერში არსებული ყველა მრგვალი ყვითელი ბურთი დაუნდობლად მოჰყვა ხარხარს, ვიხვეწებოდი აქ არ დამტოვოთ-თქო, მაგრამ ვინ გაიგო?რაც ბურთებმა დამაკლეს, ჩემმა მეგობრებმა დამიმატეს და მე ავტირდი ისე, ლირს შეშურდებოდა... ეს პოსტი კი იმის დასტურია, რომ მე და ჩემი კომპიუტერი ვცდილობთ, ერთმანეთს გავუგოთ. აღარც მე ვურტყამ თითებში, როცა მაბრაზებს და თვითონაც მოთმინებით იტანს საკუთარ ფიზიონომიაზე არეკლილ ჩემს მუდმივად გაოგნებულ სახეს.

6 comments:

Lalena said...

:)))))))))

დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, როგორ ყვები ამ ყველაფერს :))

Lika Kakiashvili said...

ნინო - მითი თუ რეალობა? რეალობა, რეალობა!!!!!!! ერთი ეგეთი რეალობა სახლში მყავს დედის სახით :))))))))

კიდე ბევრჯერ წავიკითხე და ფრიად!! :)))

Joseph said...

Lalena გუშინწინისწინ შენც რომ ყოფილიყავი ნინოსთან მაგას აღარ იტყოდი. ერთხელ მოვისმინე, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ! რვაჯერ?!

უზადოდ და საუცხოოდ წერ, ეს ამბავი დარწმუნებული ვარ შენც ძალიან კარგად იცი. შენი ბლოგის მუდმივი მკითხველი ვარ და უმფრო მეტიც, გამოწერილი მაქვს ეს ბლოგი. აბა.

Unknown said...

საინტერესო ბლოგია

Kate said...

წარმოუდგენლად კარგი პოსტი იყო. ნეტავ მეც მანახა შენი სახე, როდესაც ამ ყველაფერს ყვები.

მალე გაუგებ დარწმუნებული ვარ.
დაბადებიდან არავინ იცის კომპიუტერთან ურთიერთობა.

ცუცა said...

:) ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავიკითხე, სასიამოვნო პოსტი :) თითქოს უსიამოვნო უნდა იყოს ალბათ კომპიუტერთან ქიშპობა :) მაგრა სასიამოვნოდ კი აღწერე :)